FAQ

 

   რა არის 112?
112 არის საქართველოში მოქმედი სატელეფონო ნომერი, რომელიც 2012 წელს გადაუდებელი დახმარებისა და საგანგებო სიტუაციების ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების მიზნით შეიქმნა.

 

    რომელი საგანგებო სამსახურების გამოძახებაა შესაძლებელი 112-ზე დარეკვით?
112 საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, 24 საათის განმავლობაში, იღებს გადაუდებელი დახმარების საჭიროების შესახებ სატელეფონო შეტყობინებებს ერთიანი სატელეფონო ნომრის 1–1–2 საშუალებით. დამუშავებული ინფორმაცია ოპერატიულად გადაეცემა:
პოლიციას, სახანძრო / სამაშველო სამსახურს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს

 

    როგორ დავრეკოთ 112-ზე?
112-ზე დარეკვა შესაძლებელია საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი პირისთვის:
საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, 24 საათის განმავლობაში, ფიქსირებული და მობილური ტელეფონიდან, სიმ-ბარათის გარეშე...
    

    როდის დავრეკოთ 112-ზე?
112 განკუთვნილია საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციებისთვის, როდესაც საფრთხე ემუქრება ადამიანის სიცოცხლეს, მის ჯანმრთელობას, კერძო ან საზოგადოებრივ საკუთრებას.  
აკრიფეთ 112, როდესაც:
ხანძარია, თქვენ ან თქვენს ახლობელს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, პიროვნებამ მოულოდნელად დაკარგა გონება, პიროვნებას აქვს სხეულის სერიოზული დაზიანება ...

    როდის არ დავრეკოთ 112-ზე?
არ აკრიფოთ 112: ცრუ განგაშის გამოწვევის მიზნით, გართობის მიზნით, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის მუშაობის შესამოწმებლად, ოპერატორისათვის შეურაცხყოფის მისაყენებლად, სატრანსპორტო საშუალებების განრიგის გასაგებად, საკვების შესაკვეთად, ამინდის პროგნოზის გასაგებად...


    112-თან დაკავშირება საქართველოს ნებისმიერი ადგილიდან არის შესაძლებელი?
დიახ, 112-ზე დარეკვა შესაძლებელია საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი პირისთვის, 24 საათის განმავლობაში. მთელი საქართველოდან შემოსული შეტყობინებები შედის ერთ ცენტრში, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში.


    შესაძლებელია 112-თან დაკავშირება მობილურით?
დიახ, 112-ში დარეკვა შესაძლებელია საქართველოში მოქმედი ყველა მობილური სატელეფონო ქსელიდან მაშინაც, თუ მობილური ტელეფონი ორმხრივად არის გათიშული ან მობილურ ტელეფონში არ დევს სიმ-ბარათი. აუცილებელია, ტელეფონი იყოს მობილური პროვაიდერის დაფარვის ზონის არეალში.


    შემიძლია 112-ში ფიქსირებული ტელეფონიდან დავრეკო?
112-ში დარეკვა შესაძლებელია საქართველოში მოქმედი ყველა ფიქსირებული სატელეფონო ქსელიდან მაშინაც, თუ ფიქსირებული ტელეფონი ორმხრივად არის გათიშული.


    შესაძლებელია 112-თან დაკავშირება ორმხრივად გათიშული ტელეფონიდან?
112-ში დარეკვა შესაძლებელია საქართველოში მოქმედი ყველა ფიქსირებული და მობილური სატელეფონო ქსელიდან მაშინაც, თუ ფიქსირებული/მობილური ტელეფონი ორმხრივად არის გათიშული.


    შესაძლებელია 112-თან დაკავშირება, როდესაც მობილურ ტელეფონში არ დევს სიმ-ბარათი?
დიახ, 112-ში დარეკვა შესაძლებელია მაშინაც, თუ მობილურ ტელეფონში არ დევს სიმ-ბარათი.


    უნდა ავკრიფო, თუ არა ქალაქის კოდი 112-ში დარეკვის დროს?
112-თან დასაკავშირებლად აკრიფეთ მხოლოდ 112 (არ არის საჭირო #, +995, 032, ან რომელიმე ქალაქის კოდი)


    112-თან ვიდეო ზარით ან მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით დაკავშირება

ყველასთვის არის შესაძლებელი?
არა. მხოლოდ ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს, გადაუდებელ შემთხვევებში, შეუძლიათ მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ვიდეო ზარის საშუალებით დაუკავშირდნენ 112-ს, სერვისი ხელმისაწვდომია მთელი საქართველოს მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში. სერვისით სარგებლობისთვის აუცილებელია ყრუ და სმენადაქვეითებული პირების წინასწარი რეგისტრაცია 112-ის ვებგვერდზე - www.112.ge


    112-ის მომსახურება ფასიანია?
112-ის მომსახურება არის უფასო.  თუმცა, გადაუდებელი დახმარების სერვისთან წვდომისთვის გათვალისწინებულია თვეში ერთხელ გადასახადი.
ყოველთვიური გადასახადი შეადგენს:

ა) ფიზიკური პირისთვის – 0.20 ლარს; ბ) იურიდიული პირისთვის, ორგანიზაციისთვის, დაწესებულებისთვის – 0.50 ლარს.

კანონმდებლობა არ ვრცელდება იმ ოჯახებზე, რომლებიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არიან და არც მათზე, ვინც მობილურ სერვისებში თვეში 5 ლარზე ნაკლებს ხარჯავს.

    შემიძლია, რომ 112-ის ოპერატორს დანაშაულის შესახებ ინფორმაცია სოციალური

ქსელების ან ვებ-გვერდის საშუალებით მივაწოდო?
არა. დანაშაულის შესახებ ინფორმაცია ოპერატორს უნდა მიაწოდოთ ტელეფონით ან მიმართოთ უახლოეს პოლიციის განყოფილებას.


    112-ის ოპერატორი, ქართულის გარდა, სხვა ენაზეც შეძლებს შეტყობინების მიღებას?
დიახ, 112-ის ოპერატორს შეუძლია შეტყობინებები მიიღოს ინგლისურ, რუსულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და თურქულ ენებზე.


    მსურს 112-ში ოპერატორად დასაქმება. როგორ უნდა მოვიქცე?
112-ში ვაკანტური თანამდებობების შესახებ ინფორმაცია იდება ოფიციალურ ვებგვერდზე - www.112.gov.ge ასევე, შეგიძლიათ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@112.ge


    რამდენ ქვეყანაშია 112, როგორც გადაუდებელი დახმარების უნიკალური ნომერი?
112, როგორც გადაუდებელი დახმარების (SOS) ნომერი მოქმედებს ევროპის მასშტაბით.


    უნდა დავრეკო თუ არა  112-ში გზებზე არსებული საცობებისა და ქალაქში გადაადგილებასთან

დაკავშირებით არსებული შეზღუდვების შესახებ?

112-ზე არ უნდა დარეკოთ გზებზე არსებული საცობებისა და ქალაქში გადაადგილებასთან დაკავშირებით შეზღუდვების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

    სად შეიძლება მივიღო ინფორმაცია, თავისუფალი არის თუ არა მოძრაობა რიკოთის

უღელტეხილზე. უნდა დავრეკო თუ არა ინფორმაციის მისაღებად 112-ზე?

არა, თუ თქვენ გაინტერესებთ ქალაქგარეთ რომელიმე კონკრეტულ მისამართზე ან მაგისტრალზე გადაადგილების შესახებ ინფორმაცია უნდა დარეკოთ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცხელ ხაზზე.

    მსურს მართვის მოწმობის აღება. უნდა მივმართო თუ არა 112-ს?
მართვის მოწმობის მისაღებად, უნდა მიმართოთ მომსახურების სააგენტოს თქვენთვის სასურველ სტრუქტურულ ერთეულს, გარდა ქ. თბილისში, ქავთარაძის #5ა-ში  მდებარე მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულისა, სადაც შეგიძლიათ, მხოლოდ აღადგინოთ დაკარგული მართვის მოწმობა ან შეცვალოთ მართვის მოწმობა.


    მსურს ახალი სანომრე ნიშნის აღება. უნდა დავრეკო თუ არა 112-ში?
ავტომანქანასთან დაკავშირებული კითხვით, იქნება ეს ახალი სანომრე ნიშნის აღება, მანქანის გადაფორმება, თუ განბაჟება უნდა მიმართოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს.


    შემიძლია თუ არა ნასამართლეობის შესახებ ცნობის თაობაზე დავრეკო 112-ზე?
არა, ნასამართლეობის შესახებ ცნობის მისაღებად, მომსახურების სააგენტოს თქვენთვის სასურველ სტრუქტურულ ერთეულში, წარმოადგინეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და დაჩქარებული მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში, საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ნასამართლეობის შესახებ ცნობის გაცემა 5 სამუშაო დღეში არის უფასო.


    დავკარგე ავტომანქანის სანომრე ნიშანი. უნდა დავრეკო, თუ არა აღნიშნულის

შესახებ 112-ში?
დიახ. თუ თქვენ დაკარგეთ ან იპოვეთ სხვა ავტომანქანის სანომრე ნიშანი აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა დარეკოთ 112-ზე.


    გაიტაცეს ჩემი ავტომანქანა. უნდა დავრეკო, თუ არა 112-ში?
დიახ. ავტომანქანის გატაცების შესახებ უნდა აცნობოთ 112-ს.


    ავტომანქანის სალონში, საკეტში დამრჩა გასაღები. შემიძლია თუ არა დახმარებისთვის

დავრეკო 112-ში?
არა. ასეთ შემთხვევაში არ უნდა დაუკავშირდეთ 112-ს. დასახმარებლად უნდა მიმართოთ  რომელიმე კომპანიას, რომელსაც აქვს მსგავსი სახის მომსახურება.


    საპატრულო ჯარიმებთან დაკავშირებით უნდა დავრეკო თუ არა 112-ზე?
არა, ჯარიმებთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად უნდა დაუკავშირდეთ ე.წ. მე-12 ოთახს ან მიბრძანდეთ გულუას №8 -ში,   სამართალდარღვევათა აღრიცხვის და ანალიზის სამსახურში (საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს სამართალდარღვევათა აღრიცხვის და ანალიზის სამსახური).


    ჩემს სახლთან რამდენიმე დღეა დგას უცხო ავტომანქანა. შემიძლია თუ არა ინტერნეტის

მეშვეობით დავადგინო, ხომ არ არის ის გატაცებული?
ინტერნეტის მეშვეობით ვერ დაადგენთ გატაცებულია თუ არა ავტომანქანა, თქვენ უნდა დაუკავშირდეთ 112-ს და მიაწოდოთ ინფორმაცია ფაქტთან დაკავშირებით.


    დავკარგე მობილური ტელეფონი. შემიძლია დახმარებისთვის დავრეკო 112-ში?
დიახ. თუ თქვენ დაკარგეთ მობილური ტელეფონი, შეგიძლიათ დარეკოთ 112-ზე, ან მიმართოთ თქვენი რაიონის პოლიციის განყოფილებას, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გაატარებს გარკვეულ ღონისძიებებს.


    რა ნომერზე უნდა დავრეკო, იმ შემთხვევაში, თუ ვითარება არ არის საგანგებო?
სასურველია, დააკონკრეტოთ არასაგანგებო ვითარების ტიპი. ზოგადად, თუ ვითარება არის არასაგანგებო შეგიძლიათ, მიმართოთ თქვენი რაიონის პოლიციის განყოფილებას ან უბნის ინსპექტორს.


    ვის უნდა მივმართო, თუ კონკრეტულ პირზე მაქვს ეჭვი, რომ ის ნარკოტიკების

რეალიზატორია?
თუ თქვენ ეჭვი გაქვთ პიროვნებაზე, რომ ის არის ნარკოტიკების რეალიზატორი, უნდა დარეკოთ 112-ზე და მიაწოდოთ აღნიშნული ინფორმაცია.


    უნდა დავრეკო თუ არა 112-ზე, თუ ელ. ენერგიის, გაზის ან წყლის მოწოდებასთან

დაკავშირებით შემექმნა პრობლემა?
მსგავსი პრობლემების შემთხვევაში არ უნდა დარეკოთ 112 ზე. უნდა მიმართოთ შესაბამისი სამსახურების ცხელ ხაზს.


    ვის უნდა მივმართო უპატრონო ცხოველებთან დაკავშირებით?
თბილისის მასშტაბით, უპატრონო ცხოველებთან დაკავშირებით დარეკეთ 112-ზე, ხოლო რეგიონის შემთხვევაში უნდა მიმართოთ ადგილობრივ თვითმმართველობებს.


    მსურს ახალი პირადობის მოწმობის აღება. უნდა მივმართო, თუ არა 112-ს?
პირადობის მოწმობის შესახებ ინფორმაცია შეიძლება მიიღოთ იუსტიციის სახლის ცხელი ხაზის საშუალებით.


    მსურს ერთ-ერთ მედიკამენტთან დაკავშირებით მივიღო სატელეფონო კონსულტაცია.

შემიძლია, თუ არა მივმართო 112-ს?
არა, მედიკამენტებთან დაკავშირებული კითხვებით უნდა მიმართოთ საინფორმაციო სამსახურს.


    მსურს, თბილისში, ერთ-ერთ ქუჩაზე შუქნიშნის დადგმა. უნდა დავრეკო თუ არა

აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად 112-ზე?
არა, კონკრეტულ მისამართზე შუქნიშნის დადგმის შემთხვევაში უნდა მიმართოთ ქ. თბილისის მერიას.


    სად უნდა დავრეკო, თუ გავხდი ძალადობის თვითმხილველი?
თუ თქვენ ძალადობის თვითმხილველი გახდით აუცილებლად უნდა დარეკოთ 112-ში


    თუ ეჭვი მაქვს, რომ ადამიანი ძალადობის მსხვერპლია უნდა მივმართო თუ არა 112-ს?
მსგავს შემთხვევაში უნდა დაუკავშირდეთ 112-ს და ოპერატორს მიაწოდოთ ინფორმაცია.


    ვის უნდა მივმართო, თუ მე ან ჩემი ნაცნობი ოჯახური ძალადობის მსვერპლი

აღმოვჩნდით?
თუ გახდით ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ან  ფლობთ  ინფორმაციას  ოჯახში ძალადობის  თაობაზე უნდა დაუკავშირდეთ 112-ს და ოპერატორს მიაწოდოთ ინფორმაცია, რის შედეგადაც გატარდება  შესაბამისი სამსახურის მიერ გარკვეული ღონისძიებები.


    ვის უნდა მივმართო, თუ გავხდი ტრეფიკინგის მსხვერპლი ან ვფლობ

ინფორმაციას ტრეფიკინგის დანაშაულის თაობაზე

ასეთ შემთხვევებში უნდა დარეკოთ 112-ში. ასევე, შეგიძლიათ მიმართოთ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს. ცხელი ხაზი - 2 411 714  ან ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს ცხელი ხაზი - 2 100 229 


    შემიძლია თუ არა, სამართალდარღვევის შესახებ განაცხადი გავაკეთო

ტელეფონით?
დანაშაულის ან სხვა სახის სამართალდარღვევის შესახებ შეტყობინება  შეგიძლიათ გააკეთოთ ტელეფონით, ხოლო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისთვის, განაცხადების წერილობითი ფორმით წარდგენა – სავალდებულოა.