სიახლეები
112-მა სამეგრელოში საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა
2019-03-08 12:00:07
112-მა სამეგრელოში საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“-ის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ზუგდიდში ადგილობრივ სამოქალაქო-საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს.

 

საინფორმაციო შეხვედრის მთავარ მიზანს, „112“-ის მობილური აპლიკაციის სიახლის შესახებ, დამსწრე საზოგადოების ინფორმირება წარმოადგენდა. კერძოდ, მობილურ აპლიკაციაში უკვე შესაძლებელია ოჯახში ძალადობის შესახებ ინფორმაციისა და სასარგებლო რჩევების მოძიება.

 

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, „112“-ის აპლიკაციის სასარგებლო რჩევებს ოჯახში ძალადობის განყოფილება დაემატა. მისი დახმარებით, დაინტერესებული პირები მარტივად მიიღებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა არის ოჯახში ძალადობა და როგორია მისი ფორმები, ასევე, როგორ მოიქცნენ, თუ ოჯახში ძალადობის პრობლემა აქვთ ან იციან ამგვარი შემთხვევები შესახებ. ოჯახში ძალადობის შესახებ ინფორმაცია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზეა ხელმისაწვდომი.

 

„112“-ის მობილური აპლიკაცია ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სერვისია, რომლის მთავარ უპირატესობას ადგილმდებარეობის განსაზღვრა წარმოადგენს. მას ჩუმი განგაშისა და ე.წ. ჩატის ფუნქციები აქვს და ისეთ შემთხვევებში, როდესაც მოქალაქეს საუბარი არ შეუძლია ან დარეკვით საფრთხე ექმნება, მას SOS-ჩუმი განგაშის ან გზავნილის ფუნქციის გამოყენება შეუძლია.

 

აღნიშნული ფუნქცია განსაკუთრებით ოჯახში ძალადობის შემთხვევების დროსაა მნიშვნელოვანი, რადგან „SOS“ ღილაკზე დაჭერით „112“-ის ოპერატორთან მოქალაქის ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი GPS კოორდინატები იგზავნება, დაფიქსირებულ ადგილზე კი პოლიცია მიდის. აპლიკაცია უფასოა და ხელმისაწვდომია ანდროიდისა და iOS-ის მომხმარებლებისთვის.

 

საინფორმაციო შეხვედრა გენდერული კვირეულის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც 3 მარტს დაიწყო და 8 მარტს დასრულდება. თავად ინიციატივა კი პროექტის „ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა“ ფარგლებში განხორციელდა, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს.