სიახლეები
პოლიციის დღე
2019-06-01 08:58:42
პოლიციის დღე

31 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციის დღე ლისის ტბაზე აღნიშნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-მა სტუმრებს წარუდგინა როგორ საბავშვო, ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიებზე აგებული პროექტები.

 

ბავშვებისთვის ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო „კოსმოსური ხომალდი“ - „112“-ის შენობის მსგავსი მინი-კონსტრუქცია, სადაც მოზარდებს შეეძლოთ, ცენტრის ოპერატორების დახმარებით, სპეციალურად მათთვის შექმნილი კომპიუტერული თამაშები ეთამაშათ. გამარჯვებული ბავშვები „112-ის კოსმოსური ხომალდის წევრები“ გახდნენ და სპეციალური საშვით დაჯილდოვდნენ. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მოზარდებმა ისწავლეს, თუ როდის უნდა დარეკონ „112“-ზე და როგორ უნდა მოიქცნენ გადაუდებელ შემთხვევებში.


ღონისძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრმა მობილური აპლიკაციაც წარმოადგინა, რომლის მთავარი უპირატესობა ადგილმდებარეობის განსაზღვრაა. თითოეულ სტუმარს საშუალება ჰქონდა, ადგილზე გასცნობოდა აპლიკაციის ფუნქციებს. „112“-ის თანამშრომლებმა მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს, თუ როგორ უნდა გამოიყენონ აღნიშნული სერვისი გადაუდებელი შემთხვევის დროს.