სიახლეები
მოსწავლეები სტუმრად 112-ში
2019-06-19 18:11:34
მოსწავლეები სტუმრად 112-ში

„112“-ის თბილისის ცენტრს „სკოლის, საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის" მონაწილე მოსწავლეები ესტუმრნენ. 33 მოსწავლე საქართველოს რეგიონებიდან „112“-ისა და ერთობლივი ოპერაციების ცენტრების ფუნქციასა და საქმიანობას გაეცნო. „112“-ის წარმომადგენელმა სკოლის მოსწავლეებს პრეზენტაციის სახით მიაწოდა ინფორმაცია, თუ რას ნიშნავს გადაუდებელი შემთხვევა, რა ნომერზე უნდა დარეკონ ასეთი შემთხვევების დროს და როგორ ითანამშრომლონ ოპერატორთან.

 

მოზარდებს ასევე, განემარტათ არამიზნობრივი ზარის განხორციელების საფრთხეები და ის სანქციები, რაც გათვალისწინებულია ცრუ ზარის განხორციელების დროს.

 

შეხვედრის ფარგლებში, სტუმრები ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მართვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით განხორციელებულ მნიშვნელოვან პროცესებს გაეცნენ.

 

შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ბაზაზეა ორგანიზებული. ბანაკის მიზანია პროგრამაში ჩართული მოზარდების ცნობიერების ამაღლება სამართალდამცავი სტრუქტურების საქმიანობის, მათი თანამშრომლების პროფესიული გადამზადებისა და სწავლების პროცესის შესახებ. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები სხვადასხვა სამართალდამცავ სტრუქტურებს სტუმრობენ და იღებენ ცოდნას, თუ როგორ მუშაობს სამართალდამცავი სისტემა და მისის ცალკეული დეპარტამენტები. პროგრამის მიზანია მოზარდებს შორის დანაშაულის შემცირება და მოზარდების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება.