სიახლეები
112-ის დირექტორის მოადგილე თეა გზირიშვილი სტუმრად გადაცემაში „კანონის ფარგლებში“
2015-02-11 17:43:14
112-ის დირექტორის მოადგილე თეა გზირიშვილი სტუმრად გადაცემაში „კანონის ფარგლებში“

- რა არის 112, რა შემთხვევაში და როგორ უნდა დავრეკოთ ამ ნომერზე?


- 112 - ეს არის გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი. როდესაც მოქალაქეს სჭირდება სახანძრო-სამაშველო სამსახურის, საპატრულო პოლიციის ან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახება, უნდა აკრიფოს 112 ყოველგვარი პრეფიქსის გარეშე, ფიქსირებული ან მობილური ტელეფონიდან. დარეკვა შესაძლებელია მაშინაც, როდესაც მობილურ ტელეფონში არ დევს სიმ ბარათი ან ტელეფონი ორმხრივად არის გათიშული. მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქემ ოპერატორის მიერ დასმულ ყველა კითხვას მშვიდად და სრულყოფილად გასცეს პასუხი. (რა მოხდა, შემთხვევის მისამართი და  ინიციატორის სახელი და გვარი).


- საშუალოდ, რამდენი ზარი შემოდის 112-ში და რამდენად ხშირია არამზინობრივი ზარები? არსებობს თუ არა კანონით გათვალისწინებული სადამსჯელო ღონისძიებები იმ პირების მიმართ, ვინც არამზინობრივად ახორციელებს ზარს 112-ში?


- 112-ში უნდა დავრეკოთ მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევების დროს. 112-ში დღე-ღამის განმავლობაში 26 ათასამდე ზარი შემოდის, თუმცა ბევრი მათგანი არ არის მიზნობრივი ზარი, რაც აფერხებს იმ ადამიანების ზარებს, ვისაც რეალურად სჭირდება დახმარება. 2014 წელს 112-ის ინიცირებით არამიზნობრივ ზარებთან დაკავშირებით გამკაცრდა სანქციები. პირები, რომლებიც 112-ზე შეურაცხყოფის მიყენების მიზნით რეკავენ ან ახორციელებენ ზარს არამიზნობრივად, ჯარიმა შეადგენს 300-500 ლარს. ცრუ გამოძახება კი ისჯება ფულადი სანქციით ან თავისუფლების აღკვეთით.


-11 თებერვალი 112-ის დღეა და ამ დღის აღსანიშნავი ღონისძიებები ტარდება ევროპის მასშტაბით. საინტერესოა, საქართველოს 112 როგორ აღნიშნავს ამ დღეს?


- უკვე მესამე წელია ეს დღე ჩვენთანაც აღინიშნება. 9-10 თებერვალს მცხეთისა და რუსთავის საჯარო სკოლებში ჩატარდა საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები მოსწავლეებთან, ასევე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებთან. ეს ღონისძიებები გაგრძელდება იმ მიზნით, რომ გაიგონ მოქალაქეებმა რა ზიანი მოაქვს არამიზნობრივ ზარს.


- რა არის GPS ტრეკერი და ვისთვისაა იგი განკუთვნილი?


- ეს არის დაკავშირების ალტერნატიული არხი, რომელიც უზრუნველყოფს სატელიტური მოწყობილობის, ე.წ.  GPS ტრეკერის საშუალებით 112-ზე წვდომას. მოწყობილობა გათვლილია ტურისტებისა და საქართველოს მაღალი რისკის მქონე რეგიონებში გადაადგილებული პირებისათვის. ტრეკერის საშუალებით სიგნალი იგზავნება პირდაპირ 112-ში იმ გეოგრაფიული ლოკაციებიდან, სადაც არ ვრცელდება მობილური ტელეფონების დაფარვის ზონა. ამ მიზნისთვის 112-მა რამდენიმე ათეული ტრეკერი შეისყიდა და უსასყიდლოდ, დროებით საკუთრებაში გადასცემს ტურიზმის სფეროში მოღვაწე დაინტერესებულ პირებს.


- 112  სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია, წელს სად გაიმართება ევროპის საგანგებო ნომრის დაჯილდოების ცერემონია და საქართველო თუ არის წარდგენილი რომელიმე ნომინაციაზე?

 

- 112 ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA) ოფიციალური წევრი 2013 წელს გახდა. ამ ასოციაციის მიზანია, მოსახლეობას მაღალი ხარისხის სერვისები შესთავაზოს. EENA  ყოველწლიურად მართავს დაჯილდოების ცერემონიას, შარშან საქართველო პოლონეთთან ერთად იყო ნახევარფინალში „საუკეთესო დისპეტჩერის“ ნომინაციაზე, წელს კი საქართველო წარდგენილია „საუკეთესო მოქალაქის“ ნომინაციაზე. შედეგები ცნობილი აპრილში გახდება. 2014 წელს საქართველოს 112 ევროპის საზოგადოებრივი უსაფრთხოების  კომუნიკაციის ფორუმის წევრიც გახდა.