სიახლეები
112-ის SMS და ვიდეო ზარის სერვისის შესახებ ვორქშოპი ჩატარდა
2015-03-18 12:49:59
112-ის SMS და ვიდეო ზარის სერვისის შესახებ ვორქშოპი ჩატარდა

2015 წლის, 17 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტში, 112-ის SMS და ვიდეო ზარის სერვისის ტესტირების ფარგლებში ვორქშოპი ჩატარდა.

 

აღნიშნული ვორქშოპის მიზანს წარმოადგენდა, ყრუ და სმენადაქვეითებული პირების მიერ 112-თან დაკავშირების მეთოდების ტესტირება, SMS და ვიდეო ზარის პროგრამების ხარვეზების გამოვლენა და უშუალოდ პროექტის ბენეფიციარების მიერ სარეგისტრაციო ფორმის შესახებ რეკომენდაციების გაწერა.

 

ვორქშოპში მონაწილეობდნენ 112-ის, UNDP-ისა და ინოვაციური სერვისების ლაბორატორიის თანამშრომლები, ყრუ და სმენადაქვეითებული პირები და ჟესტური ენის მცოდნე თარჯიმნები.

 

  


2015 წლის, 27 მარტიდან ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანები შეძლებენ 112-თან დაკავშირებას მთელი საქართველოს მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში, მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ვიდეო ზარის საშუალებით. ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისგან შესულ შეტყობინებებს ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორები მიიღებენ.

 

112-ის სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. სარეგისტრაციო ფორმის შევსება შესაძლებელი იქნება, 27 მარტიდან, 112-ის ვებ-გვერდზე www.112.ge

 

ახალი სერვისით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევის დროს. 112-ში შესული შეტყობინება სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას, საპატრულო პოლიციასა და სახანძრო/სამაშველო სამსახურს გადაეცემა.

 

პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება.