სიახლეები
ქუთაისში 112-ის SMS და ვიდეო ზარის სერვისის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა
2015-03-30 16:51:34
ქუთაისში 112-ის SMS და ვიდეო ზარის სერვისის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

2015 წლის  30 მარტს, ქ. ქუთაისში, 112-ის წარმომადგენლებმა SMS და ვიდეო ზარის სერვისის შესახებ პრეზენტაცია ჩაატარეს. ყრუ და სმენადაქვეითებულმა პირებმა ახალი სერვისის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. მსურველები ადგილზეც  დარეგისტრირდნენ.


პრეზენტაციას ქუთაისის ყრუ ბავშვთა 45-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებიც ესწრებოდნენ და და გაიგეს, რომ მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში უნდა გამოიყენონ 112-ის ახალი სერვისი.

 

  


30 მარტიდან 8 აპრილის ჩათვლით, საქართველოს ყრუთა კავშირის ხელშეწყობით, 112-ის SMS და ვიდეო ზარის სერვისის შესახებ პრეზენტაციები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართება.

 

საინფორმაციო შეხვედრების განმავლობაში სერვისის მომხმარებელ ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, ადგილზე დარეგისტრირდნენ 112-ის მონაცემთა ბაზაში, დეტალური ინფორმაცია მიიღონ ახალი სერვისის შესახებ და თავად შეამოწმონ ახალი მომსახურების ეფექტურობა.


შეგახსენებთ, რომ SMS და ვიდეო ზარი ხელმისაწვდომია მთელ საქართველოში, 24 საათის განმავლობაში. სერვისი უფასოა და განკუთვნილია მხოლოდ ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისათვის!


112-ის უფასო SMS და ვიდეო ზარის სერვისი განკუთვნილია მხოლოდ ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის. სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. სარეგისტრაციო ფორმის შევსება შესაძლებელია 112-ის ვებ-გვერდზე www.112.ge


 ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს, გადაუდებელ შემთხვევებში, ექნებათ შესაძლებლობა, მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ვიდეო ზარის საშუალებით დამოუკიდებლად დაუკავშირდნენ 112-ს. გადაუდებელი დახმარების შესახებ შემოსული შეტყობინება სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას, საპატრულო პოლიციასა და სახანძრო/სამაშველო სამსახურს გადაეცემა.


 ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისგან შემოსულ შეტყობინებებს მიიღებენ ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორები.


112-ის ინიციატივა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით. სერვისის შემუშავებაში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ყრუთა კავშირი. ხოლო გაეროსა და  შვედეთის ელჩებმა მონაწილეობა მიიღეს საინფორმაციო კამპანიაში, რომლის მეშვეობითაც ინფორმაცია ახალი სერვისის შესახებ ვრცელდება სატელევიზიო ეთერსა და სოციალურ მედიაში.