სიახლეები
112-ის SMS და ვიდეო ზარის სერვისის შესახებ პრეზენტაცია თბილისში ჩატარდა
2015-04-08 15:29:27
112-ის SMS და ვიდეო ზარის სერვისის შესახებ პრეზენტაცია თბილისში ჩატარდა

2015 წლის 8 აპრილს, ქ.თბილისში, 112-ის წარმომადგენლებმა პრეზენტაცია ჩაატარეს. ყრუ და სმენადაქვეითებულმა პირებმა მიიღეს ინფორმაცია ახალი სერვისის შესახებ და მსურველები ადგილზე  დარეგისტრირდნენ.


30 მარტიდან 8 აპრილის ჩათვლით, საქართველოს ყრუთა კავშირის ხელშეწყობით, 112-ის SMS და ვიდეო ზარის სერვისის შესახებ პრეზენტაციები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართა. პრეზენტაციები ჩატარდა ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, სენაკში, გორში, მარნეულსა და თელავში.


საინფორმაციო შეხვედრების განმავლობაში სერვისის მომხმარებელ ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, ადგილზე დარეგისტრირდნენ 112-ის მონაცემთა ბაზაში, დეტალური ინფორმაცია მიიღონ ახალი სერვისის შესახებ და თავად შეამოწმონ ახალი მომსახურების ეფექტურობა.

 

     


შეგახსენებთ, რომ SMS და ვიდეო ზარი ხელმისაწვდომია მთელ საქართველოში, 24 საათის განმავლობაში. სერვისი უფასოა და განკუთვნილია მხოლოდ ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისათვის!


112-ის უფასო SMS და ვიდეო ზარის სერვისი განკუთვნილია მხოლოდ ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის. სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. სარეგისტრაციო ფორმის შევსება შესაძლებელია 112-ის ვებ-გვერდზე
www.112.ge

 

ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს, გადაუდებელ შემთხვევებში, ექნებათ შესაძლებლობა, მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ვიდეო ზარის საშუალებით დამოუკიდებლად დაუკავშირდნენ 112-ს. გადაუდებელი დახმარების შესახებ შემოსული შეტყობინება სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას, საპატრულო პოლიციასა და სახანძრო/სამაშველო სამსახურს გადაეცემა.

 

ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისგან შემოსულ შეტყობინებებს მიიღებენ ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორები.

 

112-ის ინიციატივა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით. სერვისის შემუშავებაში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ყრუთა კავშირი. ხოლო გაეროსა და  შვედეთის ელჩებმა მონაწილეობა მიიღეს საინფორმაციო კამპანიაში, რომლის მეშვეობითაც ინფორმაცია ახალი სერვისის შესახებ ვრცელდება სატელევიზიო ეთერსა და სოციალურ მედიაში.