სიახლეები
საქართველომ EENA-ს დაჯილდოების ცერემონიაზე გაიმარჯვა
2015-04-23 12:06:31
საქართველომ EENA-ს დაჯილდოების ცერემონიაზე გაიმარჯვა

საქართველომ ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA) ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „განსაკუთრებული მოქალაქის“ ნომინაციაში გაიმარჯვა. საქართველოს 112-ს, 5 სხვა ქვეყანასთან ერთად, ჯილდო გადაეცა განხორციელებული საქმიანობისთვის, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა და ხელი შეეწყო საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

 

დაჯილდოების ცერემონია ემოციებით დატვირთული, დაუვიწყარი საღამო იყო, რომელსაც 500-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის, გადაუდებელი სამსახურის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ასოციაციების წევრები, ევროპარლამენტის წევრები და გადაუდებელი დახმარების სფეროს ექსპერტები.


საქართველომ „განსაკუთრებული მოქალაქის“ ნომინაციაში გაიმარჯვა. 8 წლის ლექსო ბოჟაძემ საკუთარი დედის სიცოცხლე გადაარჩინა მხოლოდ იმით, რომ მან იცოდა, სად უნდა დაერეკა და როგორ მოქცეულიყო გადაუდებელი შემთხვევის დროს.

 

   

 

ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა, ადინა იოანა ვალეანმა სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს პირადად გადასცა ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის ჯილდო და ღრმა პატივისცემა გამოხატა მათ მიმართ.

 

„ეს არის დიდი სიამოვნება და პატივი, რომ დავაჯილდოვო მიღწევებისთვის ორგანიზაციები, მამაკაცები, ქალები და ბავშვები, რომელთა ქმედებებმა და ჩართულობამ ხელი შეუწყო 112-ის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და ცნობიერების დონის ამაღლებას მთელს ევროპაში. ამისათვის ისინი იმსახურებენ ჩვენი მხრიდან აღიარებასა და აღტაცებას. ვულოცავ ყველა გამარჯვებულს და ნომინანტს, მათ შეძლეს და ჩვენც უფრო მოტივირებულები ვართ, რომ წვლილი შევიტანოთ საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში",-განაცხადა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა, ადინა იოანა ვალეანმა.

 

112-ის ყოველწლიურ ცერემონიაში გამარჯვებულები არიან:

„საუკეთესო ზარის მიმღები“ - ლიტვა;

„განსაკუთრებული მოქალაქე“ - 8 წლის ლექსო საქართველოდან;

„საუკეთესო გადაუდებელი დახმარების ქოლ-ცენტრი“ - იტალია და რუმინეთი;

„საუკეთესო სამაშველო ოპერაცია“ - შვედეთი;

„საუკეთესო ინოვაცია“ - დიდი ბრიტანეთი .

 

ნომინაციაში - „განსაკუთრებული მოქალაქე“ - ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაცია აჯილდოვებს პირს/პირებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს სხვა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაში, იმით რომ დარეკეს 112-ზე საგანგებო სამსახურების გამოსაძახებლად.

 

ნომინანტების შერჩევის პროცედურა ორ ეტაპად მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე, ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის ყველა წევრი ქვეყნის მიერ იგზავნება სხვადასხვა კატეგორიაში შესაბამისი ისტორიები, რომელსაც აფასებს კომპეტენტური ჟიური. ჟიურის წევრები არიან გადაუდებელი დახმარების სფეროს ექსპერტები. თითოეული კატეგორიისთვის ჟიურის წევრების მიერ ხდება ორი ან სამი ისტორიის შერჩევა. ნომინანტების ფინალური შერჩევა კი ხდება ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის წევრი ქვეყნების მიერ, პირდაპირი ხმის მიცემის წესით.

 

მნიშვნელოვანია, რომ საქართველო „განსაკუთრებული მოქალაქის“ ნომინაციაში გამარჯვებულად შერჩევის პირველივე ეტაპზე, ყოველგვარი ხმის მიცემის პროცედურის გარეშე დასახელდა.

 

112-ის დანიშნულების და მისი გამოყენების შესახებ ბავშვების ინფორმირება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა იცოდნენ ნომერი 1-1-2 რისთვის, როგორ და რა შემთხვევაში გამოიყენონ. პატარა ლექსოს ინფორმირებულობამ, თუ როგორ მოქცეულიყო გადაუდებელ შემთხვევაში, მისი დედის სოცოცხლე იხსნა“,- აღნიშნა 112-ის დირექტორის მოადგილე, თეა გზირიშვილმა.

 

ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაცია (EENA)

 

ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაცია (EENA-European Emergency Number Association) საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 1999 წელს შეიქმნა, ქ. ბრიუსელში.

 

ასოციაციის მიზანია, ევროპის მასშტაბით გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის - 112-ის დანერგვა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების ეფექტური მუშაობის ხელშეწყობა.

 

EENA 80-ზე მეტი ქვეყნის 1000-მდე გადაუდებელი დახმარების სფეროს წარმომადგენელს, 15 საერთაშორისო ასოციაციას/ორგანიზაციას, ევროპარლამენტის 150-ზე მეტ წევრსა და 70 მკვლევარს აერთიანებს.

 

საქართველო ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA) ოფიციალური და სრულუფლებიანი წევრი 2013 წლის, 3 სექტემბერს გახდა.