სიახლეები
112-ის SMS და ვიდეო ზარის სერვისის შესახებ ყრუ და სმენადაქვეითებულ ბავშვთა საჯარო სკოლაში პრეზენტაცია ჩატარდა
2015-05-01 16:34:58
112-ის SMS და ვიდეო ზარის სერვისის შესახებ ყრუ და სმენადაქვეითებულ ბავშვთა საჯარო სკოლაში პრეზენტაცია ჩატარდა

2015 წლის 1 მაისს, ქ.თბილისში, N203-ე ყრუ და სმენადაქვეითებულ ბავშვთა საჯარო სკოლაში 112-ის წარმომადგენლებმა პრეზენტაცია ჩაატარეს. ყრუ და სმენადაქვეითებულმა ბავშვებმა მიიღეს ინფორმაცია გადაუდებელი დახმარების ნომერ - 112-თან SMS და ვიდეო ზარის საშუალებით დაკავშირების შესახებ.


საინფორმაციო შეხვედრის განმავლობაში, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები დარეგისტრირდნენ 112-ის მონაცემთა ბაზაში. ასევე, მოზარდებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ახალი სერვისის შესახებ და თავად შეამოწმეს ახალი მომსახურების ეფექტურობა.


შეგახსენებთ, რომ SMS და ვიდეო ზარი ხელმისაწვდომია მთელ საქართველოში, 24 საათის განმავლობაში. სერვისი უფასოა და განკუთვნილია მხოლოდ ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისათვის!

 

112-ის უფასო SMS და ვიდეო ზარის სერვისი განკუთვნილია მხოლოდ ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის. სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. სარეგისტრაციო ფორმის შევსება შესაძლებელია 112-ის ვებ-გვერდზე www.112.ge

 

  


ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს, გადაუდებელ შემთხვევებში, ექნებათ შესაძლებლობა, მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ვიდეო ზარის საშუალებით დამოუკიდებლად დაუკავშირდნენ 112-ს. გადაუდებელი დახმარების შესახებ შემოსული შეტყობინება სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას, საპატრულო პოლიციასა და სახანძრო/სამაშველო სამსახურს გადაეცემა.

 

ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისგან შემოსულ შეტყობინებებს მიიღებენ ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორები.

 

112-ის ინიციატივა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით. სერვისის შემუშავებაში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ყრუთა კავშირი. ხოლო გაეროსა და  შვედეთის ელჩებმა მონაწილეობა მიიღეს საინფორმაციო კამპანიაში, რომლის მეშვეობითაც ინფორმაცია ახალი სერვისის შესახებ ვრცელდება სატელევიზიო ეთერსა და სოციალურ მედიაში.