სიახლეები
თბილისის 210-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები 112-ს ესტუმრნენ
2015-05-06 17:42:04
თბილისის 210-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები 112-ს ესტუმრნენ

2015 წლის 6 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტს, პროექტის მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამის ფარგლებში,  210-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები  ესტუმრნენ.

 

აღნიშნული ვიზიტი შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით განხორციელდა.

 

პროექტის მიზანია, არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენცია, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე მათი სამოქალაქო  ცნობიერების განვითარების ხელშეწყობის გზით. ასევე, ახალგაზრდებში სამართლებრივი ცნობიერების, მართლშეგნებისა  და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდა.

 

  


ვიზიტის ფარგლებში, ახალგაზრდებმა დაათვალიერეს 112-ის სამუშაო დარბაზი, ადგილზე გაეცნენ სამსახურისა და  ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას. სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია გადაუდებელი დახმარების უნიკალური ნომრის -  112-ის შესახებ, რომლის მიზანია მოქალაქეთათვის გადაუდებელი შემთხვევების დროს დახმარების აღმოჩენა, მთელი საქართველოს მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში. ასევე, მოზარდებს მიეწოდთ დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ და რა დროს უნდა დარეკონ 112-ზე. გაიგეს, რომელი გადაუდებელი სამსახურის ბრიგადების გამოძახებაა შესაძლებელი 112-ზე დარეკვით. 112-ში სტუმრობის დროს სკოლის მოსწავლეებმა სამსახურის წარმომადგენლებისგან შეიტყვეს, თუ რა ზიანის მომტანია ცრუ ზარის განხორციელება 112-ზე და რა სანქციებია გათვალისწინებული ნომრის არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევებში. ბავშვები დაინტერესდნენ 112-ის SMS და ვიდეო ზარით და გაიგეს როგორ უნდა ისარგებლონ აღნიშნული სერვისით ყრუ და სმენადაქვეითებულმა პირებმა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 1 მაისიდან დაიწყ საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია, რომლის მიზანია, საზოგადოების ინფორმირებულობა სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ფორმების და კანონით გათვალისწინებული, მოქალაქეების უფლების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ პროექტი „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ აქტიურ ფაზაშია შესული და ხორციელდება როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონების საჯარო სკოლებში, მათ შორის, არაქართულენოვან სკოლებში. უფროსკლასელთათვის ექსკურსიები ეწყობა შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში, კერძოდ, მომსახურების სააგენტოში, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში, სასაზღვრო პოლიციაში, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრში და შსს-ს აკადემიაში.