სიახლეები
112-ს თბილისის 70-ე სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ
2015-05-20 14:53:06
112-ს თბილისის 70-ე სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

2015 წლის 20 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტმა თბილისის 70-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. ვიზიტი საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში განხორციელდა.


მოზარდებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, როგორ და რა დროს უნდა დარეკონ 112-ე და რომელი გადაუდებელი სამსახურის ბრიგადის გამოძახებაა შესაძლებელი 112-ზე დარეკვით. ასევე შეიტყვეს 112-ის ახალი სერვისის შესახებ, რომელიც მხოლოდ ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანებისთვისაა განკუთვნილი და SMS-ითა და ვიდეო ზარის საშუალებით 112-თან დაკავშირებას გულისხმობს.


მოსწავლეებს მკაფიოდ განემარტათ, რა ზიანის მომტანია ცრუ ზარის განხორციელება 112-ზე და რა სანქციებია გათვალისწინებული ნომრის არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევაში. შეხვედრაზე მათ ასევე, დეტალური ინფორმაცია მიიღეს 112-ის ოპერატორთან თანამშრომლობის წესების შესახებ: თუ რა ინფორმაცია უნდა მიაწოდონ საგანგებო შემთხვევის დროს ოპერატორს და რა კითხვებზე უნდა ჰქონდეთ პასუხი.


შეხვედრის ბოლოს მოზარდებმა 112-ის სამუშაო დარბაზიც დაათვალიერეს და ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ.

 

  

 


აღნიშნული პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით 1 მაისიდან ხორციელდება. მისი მიზანია, საზოგადოების ინფორმირებულობა სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ფორმების და მოქალაქეების უფლებების შესახებ. ასევე არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენცია, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე მათი სამოქალაქო ცნობიერების განვითარების ხელშეწყობის გზით. ასევე, ახალგაზრდებში სამართლებრივი ცნობიერების, მართლშეგნებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდა და გადაუდებელ სიტუაციებში ქცევის წესების ჩამოყალიბება.


პროექტი ხორციელდება, როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონების საჯარო სკოლებში, მათ შორის არაქართულენოვან სკოლებში.