სიახლეები
შს მინისტრმა პრემიერ-მინისტრთან ერთად დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 112-ის კუთხე დაათვალიერა
2015-05-27 17:25:23
შს მინისტრმა პრემიერ-მინისტრთან ერთად დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 112-ის კუთხე დაათვალიერა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა მოაწყო. შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, რუსთაველის გამზირზე მოწყობილ გამოფენას პირადად ეწვია და შსს-ს საგამოფენო კუთხე დაათვალიერა. შს მინისტრმა ასევე დაათვალიერა სხვადასხვა სამინისტროს მიერ მოწყობილი გამოფენებიც.

 

  


შინაგან საქმეთა სამინისტრომ ე.წ. „იმელის“ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე უწყების სხვადასხვა დანაყოფის ტექნიკა, შეიარაღება და აღჭურვილობა წარმოადგინა: საპარტულო პოლიციის ავტომანქანები: „ფორდი“, „მინი კუპერი“, „პიკაპი“, მოტოციკლები, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯავშანტექნიკა: „კობრა“, „ლენდროვერ დეფენდერი“ და „მგელი“, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო ავტომანქანა, სამსახურებრივი, მსუბუქი, ოპერატიული ავტომობილი და თოვლმავალი, დაცვის პოლიციის ინკასაციის ახალი დაჯავშნული „ფორდი“, საავიაციო უშიშროების სამმართველოს ოპერატიული მანქანა, ინკასაციის სამმართველოს „ფორდ-რეინჯერი“, სასაზღვრო პოლიციის კვადროციკლები, კავშირგაბმულობის ავტომანქანა,. წარმოდგენილი იყო საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს რადიაციული ექსპერტიზის მოწყობილობები, სრული ეკიპირებით აღჭურვილი მანეკენი და მოძრავი ლაბორატორია, შეიარაღების სამმართველოს კუთვნილი მოკლე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და პისტოლეტები, ასევე, მომსახურების სააგენტოს მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ახალი „3D“ ბილეთები, ისტორიული ბანერები, სადაც გამოფენილი იყო საქართველოში პირველი ავტომობილის, პირველი ავტოავარიის და პირველი მართვის მოწმობის ფოტოები, მართვის მოწმობის საბეჭდი მანქანა, შსს-ს სპორტულ კლუბ „MIA FORCE“-ის სარბოლო ავტომობილები და საგამოცდო ავტომანქანა. მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ ახალი „3D“ ბილეთებით მართვის მოწმობის თეორიული გამოცდა გაევლოთ, ასევე სურვილისამებრ, სასაჩუქრედ უზადებდნენ სიმბოლურ მართვის მოწმობებს.


გარდა ამისა, შსს-ს აკადემიამ წარმოადგინა ე.წ. ვირტუალური ტირი, სადაც მსურველებს საშუალება ჰქონდათ სხვადასხვა სცენარით, რამდენიმე წუთით, ინსტრუქტორის დახმარებით პოლიციელის როლი მოერგოთ.


შსს 112-ის დეპარტამენტმა დამთვალიერებლებს 112-ის პრომო მასალა და GPS ტრეკერი წარმოუდგინა. „GPS ტრეკერი“, სატელიტური სისტემის საშუალებით, ტურისტის ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრას უზრუნველყოფს და განგაშის (.. “SOS”) სიგნალს ცენტრში აგზავნის. აღნიშნული კი, გადაუდებელ შემთხვევებზე ოპერატიულ რეაგირებას უზრუნველყოფს. 


ამავე სივრცეში დამონტაჟებული იყო ეკრანი, სადაც მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ, ენახათ ვიდეო რგოლი, რომელიც 8 წლის, ლექსო ბოჟაძის მიერ დედის გადარჩენის ისოტრიას ასახავდა. 8 წლის ბიჭუნამ 112-ზე დარეკვით დედის სიცოცხლე გადაარჩინა. რის გამოც, იგი ნომინაციაში „განსაკუთრებული მოქალაქე“, EENA-ს ყოველწლიურ დაჯილდოების ცერემონიაზე  გამარჯვებულად დასახელდა.

 

აღსანიშნავია, რომ ადგილზე მოხდა ყრუ და სმენადაქვეითებული პირების დარეგისტრირება და მსურველებს საშუალება ჰქონდათ, ადგილზე ენახათ, როგორ ისარგებლონ 112-ის SMS და ვიდეო ზარის სერვისით.