სიახლეები
საგარეჯოს მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეები 112-ს ესტუმრნენ
2015-06-09 13:52:59
საგარეჯოს მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეები 112-ს ესტუმრნენ

 2015 წლის 9 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტს, პროექტის მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის ფარგლებში,  საგარეჯოს მე-4 საჯარო სკოლის IX-X-XI კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ.

 

აღნიშნულ პროექტში მოსწავლეები საკუთარი ინიციატივით ჩაერთნენ და ვიზიტი შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდა.

 

პროექტის მიზანია, არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენცია, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე მათი სამოქალაქო  ცნობიერების განვითარების ხელშეწყობის გზით. ასევე, ახალგაზრდებში სამართლებრივი ცნობიერების, მართლშეგნებისა  და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდა.

 

  


ვიზიტის ფარგლებში, ახალგაზრდებმა დაათვალიერეს 112-ის სამუშაო დარბაზი, ადგილზე გაეცნენ სამსახურისა და  ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას. სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია გადაუდებელი დახმარების უნიკალური ნომრის -  112-ის შესახებ, რომლის მიზანია მოქალაქეთათვის გადაუდებელი შემთხვევების დროს დახმარების აღმოჩენა, მთელი საქართველოს მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში. ასევე, მოზარდებს მიეწოდთ დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ და რა დროს უნდა დარეკონ 112-ზე. გაიგეს, რომელი გადაუდებელი სამსახურის ბრიგადების გამოძახებაა შესაძლებელი 112-ზე დარეკვით. 112-ში სტუმრობის დროს სკოლის მოსწავლეებმა სამსახურის წარმომადგენლებისგან შეიტყვეს, თუ რა ზიანის მომტანია ცრუ ზარის განხორციელება 112-ზე და რა სანქციებია გათვალისწინებული ნომრის არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევებში. ბავშვები დაინტერესდნენ 112-ის SMS და ვიდეო ზარით და გაიგეს როგორ უნდა ისარგებლონ აღნიშნული სერვისით ყრუ და სმენადაქვეითებულმა პირებმა.


კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამა მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის განხორციელდება, როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონების საჯარო სკოლებში, მათ შორის, არაქართულენოვან სკოლებში.