სიახლეები
სამი კითხვის შემდეგ ბრიგადა გადის მისამართზე, დანარჩენი ინფორმაცია გზაში ”დაეწევათ”
2016-03-14 17:20:59
სამი კითხვის შემდეგ ბრიგადა გადის მისამართზე, დანარჩენი ინფორმაცია გზაში ”დაეწევათ”

გადაცემას ”კანონის ფარგლებში” 112-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსი, სოფო ალექსიძე ესტუმრა.

– რა არის 112 და რა შემთხვევაში უნდა დავრეკოთ. რამდენად მაღალია საზოგადოების შეგნება?

– შეგნება თუ არშეგნება საზოგადოების ბრალი არ არის. ეს ყველა ქვეყანაში ასეა და დრო სჭირდება იმის მიღწევას, რომ მოქალაქემ მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში დარეკოს 112-ზე. ჩვენ ძალიან კარგი შედეგები გვაქვს, სულ 4 წელია, რაც 112 არსებობს. 2013 წელს 7 500 000 ზარი შემოვიდა, 2015 წელს კი 6 000 000-მდეა ეს რაოდენობა შემცირებული. ყველაზე კარგი არის ის, რომ შემოსული ზარების მიზნობრიობა 15%-ით არის გაზრდილი. 112 არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს 81 ქვეყანაში ფუნქციონირებს. ჩვენ 112-ში ვრეკავთ მაშინ, როდესაც გვჭირდება სასწრაფო დახმარების, სამაშველო სამსახურის ან საპატრულო პოლიციის გამოძახება. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში მოქალაქე აცდენს ოპერატორს. 112 არ უნდა ავკრიფოთ თამაშის მიზნით, შეურაცხყოფის მიყენების მიზნით… 24 საათის განმავლობაში 21 ათასი ზარი შემოდის, თითო ოპერატორს დაახლობით 300-მდე ზარის მიღება უწევს, ეს ნიშნავს, რომ ყოველ სამ წამში ერთი ზარი შემოდის. თანაც, მოგეხსენებათ, რა სახის… არავინ რეკავს დამშვიდებული.

რა კითხვებზე უნდა გვქონდეს პასუხი?

– ყველას ვთხოვ, რომ ოპერატორის მიერ დასმულ ყველა შეკითხვას აუცილებლად გასცენ პასუხი. დამერწმუნეთ, არც ერთი ოპერატორი საკუთარი ინიციატივით არ სვამს კითხვებს. სხვადასხვა შემთხვევებზე არსებობს სტანდარტით გათვალისწინებული კითხვები. როგორც კი ოპერატორი იწყებს მათი აზრით ”უსარგებლო” კითხვების დასმას, მოქალაქე ღიზიანდება. აუცილებელია ვიცოდეთ პაციენტის ასაკი, უნდა ვიცოდეთ რა დაავადებები აქვს გადატანილი, რომ განისაზღვროს პრიორიტეტები. როგორც კი მისამართს ამოვიღებთ, მაშინვე გადის ბრიგადა. მისამართის დადგენა კიდევ ცალკე პრობლემაა. მაგალითისთვის გეტყვით, რომ საქართველოში არის 7 წყნეთი.
არის სამი ძირითადი კითხვა: ეს არის ინიციატორის სახელი და გვარი, რაც აუცილებელია, ვინც რეკავს, ზარზე სწორედ ის არის პასუხისმგებელი, რადგან შეიძლება ცრუ ზარი იყოს.
მეორე შეკითხვა არის, რა სჭირს და მესამე მისამართი.
ვთხოვ მოქალაქეებს, უბრალოდ ყველა კითხვას გასცენ პასუხი. სამი კითხვის შემდეგ ბრიგადა გადის მისამართზე და დანარჩენი ინფორმაცია მათ გზაში ”დაეწევათ”.  წნევის გასაზომადაც კი იძახებენ ბრიგადებს, დღის განმავლობაში შემოდის 10-20 ათასი გამოძახება და თბილისის მასშტაბით 93 ბრიგადა მუშაობს, უნდა მოხდეს პრიორიტეტების განსაზღვრა.

– როგორ უნდა დავრეკოთ 112-ზე?

– დარეკვისას სიმ ბარათიც კი არ არის აუცილებელი, მთავარია მოქალაქე იყოს საქართველოს ტერიტორიაზე და იმ ზონაში, სადაც იჭერს მობილური ტელეფონი. საქართველოს მასშტაბით გვაქვს ერთიანი პროგრამული ხედვა და თუკი მოქალაქე რეკავს ქუთაისიდან, ზარი შემოდის თბილისში, მაგრამ ინფორმაცია პარალელურ რეჟიმში აისახება საქართველოს მასშტაბით მდებარე ყველა პოლიციაში, სახანძრო სამსახურსა და სასწრაფო დახმარების სამსახურში.

– რა პრობლემებს იწვევს არამიზნობრივი ზარები და რა არის სადამსჯელო ღონისძიებები ამ დროს?

– 4 წლის განმავლობაში 32 800 000 ზარია შემოსული 112-ში, აქედან მხოლოდ 7 000 000 დახმარებაა გაწეული, დანარჩენი კი არამიზნობრივი იყო. 2014 წლიდან გამკაცრდა სანქციები და ყველა ის პირი, ვინც შეურაცხყოფის მიყენების მიზნით დარეკავს, მოუწევს ჯარიმის გადახდა.

 

– რა აქტივობებია დაგეგმილი ცნობიერების ამაღლების მიზნით და რომელი სეგმენტებია ამ მხრივ აქტიური?

– ჩვენ ჩავატარეთ კვლევა და აღმოჩნდა, რომ პრობლემურ სეგმენტს განეკუთვნებიან უცხოელები, 65 წელს გადაცილებული ადამიანები და სკოლის ასაკის ბავშვები. დაგეგმილი გვაქვს სკოლებისთვის სხვადასხვა სახის აქტივობები. გვინდა დერეფნებში სპეციალური საინფორმაციო დაფები ჩამოვკდოთ, რომლებსაც დამატებითი ფუნქციებიც ექნება, მაგალითად სიმაღლის საზომი. ასევე, გვსურს, სახელმძღვანელოებში შევიტანოთ აღნიშნული ინფორმაცია, ვგეგმავთ 112-ის შენობაში სკოლის ბავშვებს ექსკურსიები მოვუწყოთ. უცხოელებისთვის სხვადასხვა სტრატეგიულ და ტურისტულ ადგილებში საინფორმაციო ბანერებს განვათავსებთ, აეროპორტში იგეგმება სხვადასხვა სახის აქტივობა.

– 2015 წელს საქართველომ გაიმარჯვა ნომინაციაში ”განსაკუთრებული მოქალაქე”. წელს სად იმართება ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის დაჯილდოების ცერემონია და თუ არის საქართველო წარდგენილი რომელიმე ნომინაციაზე?

– 112-მა ერთი წლის წინ დანერგა დაკავშირების საშუალება ყრუ და სმენა დაქვეითებული პირებისთვის და სწორედ ამ ამბით ვართ წადგენილნი ნომინაციაში ”საუკეთესო ინოვაციური სერვისი” და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მოვუგებთ ჩვენს კონკურენტ ქვეყანას.

 

გადაცემის ჩანაწერი