სიახლეები
„112“-ის მობილური აპლიკაციის ტესტირებაში სტუდენტები ჩაერთნენ
2016-12-15 09:02:46
„112“-ის მობილური აპლიკაციის ტესტირებაში სტუდენტები ჩაერთნენ

შსს-ს სსიპ „112“-ის მობილური აპლიკაციის ტესტირების პროცესში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ინფორმატიკის ფაკულტეტის 100-მდე სტუდენტი ჩაერთო.

 

საერთაშორისო ინიციატივის „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (Open Government Partnership - OGP) 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, შსს-ს სსიპ „112“-მა დაკავშირების ალტერნატიული არხი - მობილური აპლიკაცია დანერგა, რომლის მიზანს ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით „112“-თან ხელმისაწვდომობის გაზრდა და გადაუდებელი დახმარების უმოკლეს დროში მიღება წარმოადგენს.

 

 

„112“-ის მობილური აპლიკაციის მთავარ უპირატესობას მოქალაქის ადგილმდებარეობის დაუყოვნებლივ განსაზღვრა წარმოადგენს, რაც საგრძნობლად შეამცირებს საგანგებო სამსახურების შემთხვევის ადგილზე მისვლის დროს. აპლიკაცია უფასოა. მას გააჩნია IOS-ისა და Android-ის პლატფორმების მხარდაჭერა და ხელმისაწვდომია, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ და რუსულ ენებზე. აღსანიშნავია, რომ მობილური აპლიკაციით გადაუდებელი დახმარების ცენტრთან დაკავშირება ჯერ მხოლოდ მსოფლიოს 13 ქვეყანაშია დანერგილი.

 

2017 წლიდან საქართველოში მყოფ თითოეულ მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება, ჩამოტვირთოს და ისარგებლოს „112“-ის მობილური აპლიკაციით.