სიახლეები
პრემიერ-მინისტრმა და შს მინისტრმა შსს-ს თანამშრომლები დააჯილდოვეს
2017-07-12 12:26:22
პრემიერ-მინისტრმა და შს მინისტრმა შსს-ს თანამშრომლები დააჯილდოვეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა შს სამინისტროს თანამშრომლები - მაშველები, მესაზღვრეები, პატრულ-ინსპექტორები და შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერტიული ცენტრი „112“-ის ოპერატორი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშო შესრულების, სამაშველო ღონისძიებების დროს გამოჩენილი მამაცობისა და მოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენისათვის დააჯილდოვეს.

 

პრემიერ-მინისტრმა და შს მინისტრმა ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს.


ეს ადამიანები მარტო დღევანდელი დღის გმირები არ არიან. ისინი ჩვენი დროის და ჩვენი ქვეყნის გმირები არიან და მე ამას ძალზე ხშირად აღვნიშნავ. ამ გმირობას მათი ყოველდღიური საქმიანობა ამტკიცებს, როცა საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად, მზად არიან, სხვა ადამიანების გადასარჩენად თავი გაწირონ. ჩემთვის დიდი პატივია და პასუხისმგებლობა, ვიყო მათი ხელმძღვანელი. თუმცა, კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ მათი შვილების, მეუღლეების, ოჯახების წინაშე, რადგან ამ ადამიანებს - სამყაროს ყველაზე ვერაგი გამოწვევების წინაშე, სტიქისთან, ხანძართან, წყალდიდობასთან, მძიმე განსაცდელთან უწევთ პირისპირ დგომა, ბრძოლა და გამარჯვება.

 


პოლიციელი, მეხანძრე-მაშველი, მესაზღვრე - ამ პროფესიის წარმომადგენლები დღენიადაგ ზურგს უმაგრებენ ერთმანეთს და ყველანი ერთად ზურგს უმაგრებენ ჩვენს სახელმწიფოს, მის უსაფრთხოებას და შესაბამისად, თითოეულ ჩვენგანს. მათი დაფასება და პატივისცემა კი საქართველოს ყველა მოქალაქის ღირსების საკითხია, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.


გიორგი კვირიკაშვილმა ურთულესი სამაშველო ოპერაციის მაღალპროფესიონალურად ჩატარებისთვის სასაზღვრო პოლიციის ოთხ მფრინავს - პოლიციის მაიორ ბესიკ გაბიანს, პოლიციის კაპიტან შალვა შალიბაშვილს, პოლიციის უფროს ლეიტენატ ბესიკ ბაკურიძესა და პოლიციის მაიორ დიმიტრი ქააძეს ღირსების ორდენები გადასცა.


გიორგი მღებრიშვილმა შს სამინისტროს 17 თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის დროს გამოჩენილი მამაცობისთვის სამინისტროს მედლით - მამაცობისთვის დააჯილდოვა, ხოლო 2- მადლობის სიგელები გადასცა.


დაჯილდოების ცერემონიაზე წარმოდგენილი იყო სამაშველო ღონისძიებების ამსახველი დოკუმენტური ვიდეორგოლი.


ღონისძიებას შსს- დაჯილდოებული თანამშრომლების ოჯახის წევრები და მათ მიერ გადარჩენილი მოქალაქეები ესწრებოდნენ.