სიახლეები
112-ის ოპერატორებს დისპეტჩერად გადამზადების ტრენინგი ჩაუტარდათ
2017-11-09 15:18:18
112-ის ოპერატორებს დისპეტჩერად გადამზადების ტრენინგი ჩაუტარდათ

„112“-ის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრში ოპერატორების დისპეტჩერად გადამზადების ტრენინგი ჩატარდა. სწავლების მიზანი იყო „112“-ის ოპერატორების გადამზადება, მათთვის დისპეტჩერიზაციის პროგრამის დეტალურ შესწავლა და ამ პოზიციისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება. გადამზადებული ოპერატორები, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, შეძლებენ როგორც ოპერატორის, ასევე, დისპეტჩერის ფუნქცია-მოვალეობების შესრულებას.

 

ტრენინგის ძირითადი თემები იყო: დისპეტჩერის ფუნქცია-მოვალეობების გაცნობა და მნიშვნელობის გააზრება; სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის დისპეტჩერიზაციის ძირითადი განმასხვავებელი საკითხები; ბაზების მნიშვნელობა და მათში მუშაობის სპეციფიკა; თბილისის რუკის გამოყენების სპეციფიკის შესწავლა და მასზე დატანილი მისამართების სწორად განსაზღვრა; გუნდში მუშაობის თავისებურებები, როლები და კომუნიკაცია; მომიჯნავე სამსახურებთან ეფექტური კომუნიკაციის მართვის ტექნიკა. სწავლებაზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში ეფექტიანად გამოყენების მიზნით, „112“-ის რუსთავის ცენტრში ე.წ. „სიმულაციური“ ოთახი მოეწყო, სადაც ტრენინგის მონაწილეებისათვის შექმნილია სამუშაო პროცესთან მაქსიმალურად მიახლოებული გარემო.

 

 

გადამზადებულ ოპერატორებს საშუალება ეძლევათ, ტრენერთა დაკვირვების ქვეშ, პრაქტიკულად განახორციელონ, როგორც სასწრაფო-სამედიცინო, ასევე, საპატრულო დისპეტჩერიზაცია და უნივერსალი ოპერატორისათვის საჭირო უნარები გამოიმუშაონ. ტრენინგს „112“-ის ადამიანური რესურსების სასწავლო ცენტრის თანამშრომლები: დავით ბუშელაშვილი, ოთარ მაისურაძე, ლელა მერაბიშვილი უძღვებოდნენ.