სიახლეები
11 თებერვალს საქართველოში 112-ის დღე აღინიშნება
2013-02-11 18:24:01
11 თებერვალს საქართველოში 112-ის დღე აღინიშნება

11 თებერვალს საქართველოში, ისევე, როგორც ევროპაში 112-ის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით 112-ის ოფისში სპეციალური ღონისძიება გაიმართა, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და 112-ის ხელმძღვანელი, გიორგი ბიჭაშვილი დაესწრნენ. ასევე, ღონისძიებაზე  მოწვეულნი იყვნენ მზრუნველობამოკლებული ბავშვები, რომელთაც 112-ის სახელით სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

 

    

 

112-ზე დარეკვა საქართველოში მოქმედი ყველა ფიქსირებული და მობილური სატელეფონო ქსელიდან შეიძლება. ზარის განხორციელება უფასოა და დარეკვა ტელეფონის ორმხრივად გათიშვისა, თუ სიმბარათის არარსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია.

 

112 დედაქალაქის მასშტაბით ასევე უზრუნველყოფს: საგზაო უსაფრთხოების ეფექტურ მართვას, გზაჯვარედინებზე დამონტაჟებული შუქნიშნების მონიტორინგის გზით, რაც ხელს უწყობს შეუფერხებელ მოძრაობასა და შუქნიშნის წითელ სიგნალზე ლოდინის ხანგრძლივობის შემცირებას.

 

საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი 112 ერთი წელია ფუნქციონირებს და მის ძირითად ფუნქციას საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შესახებ ინფორმაციის მიღება, დამუშავება და მათზე რეაგირება წარმოადგენს.  112-ზე დარეკვით მოქალაქეები სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო-სამედიცინო და საპატრულო პოლიციას შეუფერხებლად უკავშირდებიან. ერთიანი ქოლ ცენტრისა და ცენტრალიზებული სისტემის მიზანია, გადაუდებელი დახმარების სამსახურებთან მოქალაქეებს მარტივი და ხელმისაწვდომი კავშირი შესთავაზოს.

 

ევროკომისიამ 11 თებერვალი 2009 წელს 112-ის დღედ გამოაცხადა. ეს თარიღი აღინიშნება ყოველწლიურად და მიზნად ისახავს 112-ის ცნობადობის გაზრდას.