სიახლეები
112-მა მოზარდებში გადაუდებელი დახმარების ნომრის ცნობადობის გაზრდა რეგიონებშიც დაიწყო
2018-12-05 19:14:44
112-მა მოზარდებში გადაუდებელი დახმარების ნომრის ცნობადობის გაზრდა რეგიონებშიც დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრმა „112“-მა, პროექტის - „მოზარდებში გადაუდებელი დახმარების ნომრის ცნობადობის გაზრდა“ - განხორციელება რეგიონებშიც დაიწყო. პირველ ეტაპზე, „112“-ის წარმომადგენლები ქალაქ გორის მე-8 საჯარო სკოლას ეწვივნენ და მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

ცენტრის თანამშრომლებმა მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის - 112-ის შესახებ, რომლის მიზანია გადაუდებელი შემთხვევების დროს მოქალაქეების დახმარება, მთელი საქართველოს მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში. მოსწავლეებმა, ასევე, შეიტყვეს: როდის და როგორ უნდა დარეკონ 112-ზე; რომელი გადაუდებელი სამსახურის გამოძახებაა შესაძლებელი 112-ზე დარეკვით და რა სანქციებია გათვალისწინებული არამიზნობრივი ზარის განხორციელების შემთხვევაში.

ვიზიტის ფარგლებში, „112“-ის წარმომადგენლებმა, ასევე, საინფორმაციო შეხვედრა გამართეს 25-მდე სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირთან. „112“-ის თანამშრომლებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, აღნიშნულ პირებს შეეძლებათ, მოზარდებს ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ გადაუდებელი დახმარების ერთიან ნომრის, გადაუდებელი შემთხვევის მნიშვნელობისა და „112“-თან დაკავშირების გზების შესახებ.

პროექტი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, წლის ბოლომდე გაგრძელდება. მსგავსი შეხვედრები შიდა ქართლისა და კახეთის 6 ქალაქში ჩატარდება. „112“-ის წარმომადგენლები სულ 400-მდე მოსწავლესა და 140-მდე უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირს შეხვდებიან.