სიახლეები
112-მა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში ტრენინგი და ე.წ. ქოუჩინგის სესია ჩაატარა
2018-12-10 19:36:21
112-მა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში ტრენინგი და ე.წ. ქოუჩინგის სესია ჩაატარა

3-11 დეკემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-მა, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში ტრენინგი და ე.წ. ქოუჩინგის სესია ჩაატარა. სასწავლო-საკვალიფიკაციო კურსში „112“-ის იმ თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებიც სხვადასხვა დონეზე ხელმძღვანელობენ ქოლ-ცენტრს.

აღნიშნული ტრენინგისა და ქოუჩინგის სესიის მიზანია „112“-ში დაიგეგმოს პიროვნულ განვითარებაზე და სერვისის ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული მიდგომა. „112“-მა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ქოლ-ცენტრის ოპერატორის პროფესიის განვითარების მიმართულებით.

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტი სწორედ ოპერატორის პროფესიის მნიშვნელობისა და ღირებულების წარმოჩენას, ასევე ოპერატორებისთვის განათლების სამინისტროს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი პროგრამის შემუშავებას ითვალისწინებს.

პროექტი მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო და 6 თვის განმავლობაში უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. კერძოდ, საქართველოში პირველად ქოლ-ცენტრის ოპერატორებისთვის შეიქმნა დისტანციური მომსახურების სპეციალისტის ანალიზის დოკუმენტი, პროფესიული სტანდარტი და სასწავლო ჩარჩო პროგრამა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ოპერატორის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით. „112“-ის ინიციატივით შეიქმნა ბლოგი, სადაც მუდმივად ქვეყნდება ოპერატორების საქმიანობა შესახებ საინტერესო ჩანაწერები, რაც მკითხველებს სხვა მხრიდან წარმოუდგენს იმ ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. გარდა ამისა, მომზადდა ვიდეო კლიპი, სადაც ასახულია ოპერატორის საქმიანობა.

პროექტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქოლ-ცენტრის ოპერატორის საქმიანობის პროფესიად აღიარების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს მათ კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.