სიახლეები
112-ის დღე
2019-02-11 21:04:01
112-ის დღე

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში „112“-ის დღესთან დაკავშირებით დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. „112“-ის თანამშრომლებს შინაგან საქმეთა მინისტრისგან სამკერდე ნიშანი უმწიკვლო სამსახურისთვის და მადლობის სიგელები გადაეცათ.

ღონისძიების ფარგლებში, 2018 წლის საუკეთესო ჯგუფი, საუკეთესო ოპერატორი და საუკეთესო დისპეტჩერები დაჯილდოვდნენ. ასევე, „112“-ის ოპერატორის მოსამზადებელი სპეციალური კურსის წარმატებით გავლისთვის კანდიდატებს სერტიფიკატები გადაეცათ.

11 თებერვალი „112“-ის დღედ, ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით, 2009 წელს გამოცხადდა. ევროპის მასშტაბით ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ყოველწლიურად იმართება, რომლის მიზანს მოსახლეობაში 112-ის ცნობადობის გაზრდა წარმოადგენს.

წელს საქართველოს „112“-მა, აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ცნობადობის გაზრდის კვირეული გამოაცხადა. კვირეულის ფარგლებში სკოლებში ინტერაქტიული გაკვეთილები ჩატარდა, უნივერსიტეტებში კი, საჯარო ლექციები. კვირეულის ბოლოს საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, ხალხმრავალ სავაჭრო ცენტრებში „112“-ის მობილური აპლიკაციის შესახებ საინფორმაციო კამპანია ჩატარდა.