სიახლეები
112 ლტოლვილ ქალთა გაძლიერების საკითხებზე გამართულ სემინარზე
2019-03-15 14:37:52
112 ლტოლვილ ქალთა გაძლიერების საკითხებზე გამართულ სემინარზე

მიმდინარე წლის 14-15 მარტს ქალაქ ბორჯომში, „112“-ის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი თანამშრომლობით გამართულ სემინარში - „ლტოლვილ ქალთა გაძლიერება საქართველოში“.

 

ღონისძიების მიზანი იყო ლტოლვილ ქალთა ინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოში, კერძოდ, სექსუალური და გენდერული ნიშნით ძალადობის სერვისების ურთიერთდაკავშირება და მათზე თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე ქალთა და მოქალაქეობის არმქონე პირების ხელმისაწვდომობის გაზრდა.


„112“-ის წარმომადგენლებმა სემინარის მონაწილეებს პრეზენტაციის სახით გააცნეს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის სერვისები, დაკავშირების ტრადიციული და ინოვაციური არხები. აღსანიშნავია, რომ „112“-ის სერვისებით სარგებლობა სრულად ხელმისაწვდომია როგორც ქართულ, ასევე, ინგლისურ და რუსულ ენებზე ყველასთვის, მათ შორის თავშესაფრის მაძიებელთათვის, ლტოლვილთათვის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის.

 

სემინარში მონაწილეობდნენ გენდერული ძალადობისა და ლტოლვილთა საკითხებზე მომუშავე უწყებები, რომლებმაც გენდერული ძალადობის სერვისების განვითარების მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები მიმოიხილეს, ასევე, თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის ძალადობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის საშუალებებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელეს.