სიახლეები
112 „საქართველო თამბაქოს გარეშე“ დღეს შეუერთდა
2019-03-29 18:34:25
112 „საქართველო თამბაქოს გარეშე“ დღეს შეუერთდა

მიმდინარე წლის 29 მარტს, „საქართველო თამბაქოს გარეშე“ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო სსიპ „112“-ისა და საქართველოს საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„112“-ის წარმომადგენელმა მოწვეულ სტუმრებს 112-ის სერვისების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, ასევე ვრცლად ისაუბრა მობილური აპლიკაციის შესახებ, რომლის მთავარ უპირატესობასაც ადგიმლდებარეობის განსაზღვრის შესაძლებლობა წარმოადგენს. 112-ის მობილური აპლიკაციის ჩატის ფუნქციით მოქალაქეებს მარტივად შეუძლიათ კანონდარღვევის შესახებ 112-ის ოპერატორს აცნობონ.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე მობილური აპლიკაციის ახალი ჩანართის პრეზენტაცია გაიმართა. მობილური აპლიკაციის რჩევების ნაწილს დაემატება ახალი კომპონენტი „თამბაქოს კონტროლი“. აღნიშნულ კომპონენტში დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება, მოიძიოს ინფორმაცია, როგორც თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის თაობაზე, ასევე თუ როგორ მოვიქცეთ, როდესაც ვხედავთ კანონდარღვევას, რა მავნე გავლენა აქვს თამბაქოს ჯანმრთელობაზე და როგორ დავანებოთ მოწევას თავი.

ღონისძიება საქართველოს ოკიპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

წელს „საქართველო თამბაქოს გარეშე“ დღის თემაა „განვთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისაგან“.