სიახლეები
"112" მოზარდებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ცრუ შეტყობინებებისგან
2013-05-17 11:39:00
"112" მოზარდებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ცრუ შეტყობინებებისგან

საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ „112“-ში პრესკონფერენცია გაიმართა მოზარდთა მხრიდან აღნიშნული ნომრის არამიზნობრივად გამოყენების თაობაზე.

 

საკითხზე ყურადღების გამახვილება 14 მაისს მომხდარმა ინციდენტმა განაპირობა, როდესაც 14 წლის მოზარდმა, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტში 50-მდე ცრუ ზარი განახორციელა. პირველ ეტაპზე ზარის ინიციატორი „112“-ის შენობაში ბომბის არსებობის შესახებ  იუწყებოდა, შემდეგ უკვე სურდა სახანძროს და სასწრაფოს გამოძახება. მომხდარმა გარკვეული დროის მანძილზე შეაფერხა 112-ის მუშაობა, რადგან საჭირო გახდა ოპერატორების დარბაზიდან გაყვანა.

 

შსს-მ ცრუ განგაშის ფაქტზე გამოძიება დაიწყო და ოპერატიულად შეძლო აღნიშნული ზარების ინიციატორის ვინაობის დადგენა.


რადგან სამართალდარღვევის ჩამდენი 14 წლის არასრულწლოვანი, შეუძლებელი გახდა მის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება, ამიტომ „112“-მა სამართალდარღვევის ფაქტზე არასრულწლოვანის მშობლებს მიაწოდა ინფორმაცია და მიეცა სიტყვიერი გაფრთხილება.

 

„112“ მოუწოდებს ყველა მოზარდს, თავი შეიკავონ საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრისათვის ცრუ შეტყობინებების მიწოდებისაგან, რადგან მსგავსი ქმედებები აფერხებს ცენტრის ეფექტურად მუშაობას და საფრთხეს უქმნის იმ ადამიანების სიცოცხლეს, ვისაც გადაუდებელი დახმარება ესაჭიროებათ.

 

ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტი აღნიშნული პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ საშუალებად მშობელთა მხრიდან მხარდაჭერას მიიჩნევს.