სიახლეები
„112“-ის წარმომადგენლების ვიზიტი შვედეთში
2014-05-23 18:35:00
„112“-ის წარმომადგენლების ვიზიტი შვედეთში

2014 წლის 20-22 მაისს, შსს „112“-ის დეპარტამენტის წარმომადგენლები შვედეთში, ქალაქ გეტებორგში, „ევროპის საზოგადოებრივი უსაფრთხოების ფორუმის“ – PSCE-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრნენ.

 

აღნიშნული კონფერენციის ძირითად თემებს გადაუდებელი დახმარების მართვის სფეროში მომიჯნავე უწყებების კოორდინაცია, „112“-ის რესურსების მართვა და ინფორმაციის დამუშავების პროცესში არსებული ინოვაციური მიდგომების დანერგვა, ასევე CRISMA პროექტის ფარგლებში კრიზისების მართვის მოდელირება წარმოადგენდა.


„112“-ის წარმომადგენლებმა კონფერენციის მონაწილეებს, პრეზენტაციის სახით, მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოში „112“-ის ფუნქციონირების და დაგეგმილი სიახლეების შესახებ.


„ევროპის საზოგადოებრივი უსაფრთხოების ფორუმის“ კონფერენციაში ქართული მხარის მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რადგან PSCE ხელს უწყობს წევრების საერთო ხედვების განსაზღვრას, შესაბამისი კავშირების დამყარებას ევროპისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რათა მოხდეს გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.


ვიზიტის ფარგლებში, „112“-ის წარმომადგენლებმა ქალაქ გეტებორგში არსებული ქოლცენტრი დაათვალიერეს  და ადგილზე გაეცნენ გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის მუშაობის სპეციფიკას.

 

  


„ევროპის საზოგადოებრივი უსაფრთხოების ფორუმი“ - PSCE მუდმივმოქმედი, დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომლის მისია საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ინფორმაციის მართვის სისტემების გაუმჯობესება და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაა კრიზისული, თუ საგანგებო სიტუაციების დროს.


საქართველოს „112“ აღნიშნული ორგანიზაციის  ინსტიტუციური წევრი 2013 წელს გახდა, რაც მნიშვნელოვანია გადაუდებლი დახმარების მართვის სფეროში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების კუთხით.