კატეგორიები
კითხვა-პასუხი

SMS-თან დაკავშირებული კითხვები და პასუხები

1.   დასარეგისტრირებლად, აუცილებელია თუ არა ვიყო ყრუ ან სმენადაქვეითებული?

დიახ. 112-ის SMS სერვისი განკუთვნილია მხოლოდ ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის. 


2. მობილური ტელეფონის ნომრის შეცვლის შემთხვევაში აუცილებელია თუ არა ხელახალი რეგისტრაცია?

არა. სარეგისტრაციო ფორმას ავსებთ ერთჯერადად, ხოლო მონაცემების შეცვლა შესაძლებელია რედაქტირების ფუნქციის გამოყენებით, მათ შორის ტელეფონის ნომრის შემთხვევაშიც.

 

3.   როგორ უნდა მოვიქცე თუ დამავიწყდა პაროლი?

იმ შემთხვევაში თუ დაგავიწყდათ პაროლი, 112-ის სარეგისტრაციო გვერდზე განთავსებულ შესაბამის ღილაკზე („დაგავიწყდა პაროლი?“) დაჭერის შემდეგ გაიხსნება ფანჯარა, სადაც უნდა მიუთითოთ პირადი მობილური ტელეფონის ნომერი. ამ ნომერზე გამოგეგზავნებათ ახალი კოდი. ამ კოდის გამოყენებით, შეხვალთ თქვენს პროფილში და გექნებათ შესაძლებლობა შეცვალოთ პაროლი.

 

4.   თუ 112-ის SMS სერვისის გამოყენების სურვილი აღარ მექნება, როგორ გავაუქმო მომსახურება?

112-ის სარეგისტრაციო გვერდზე შეხვალთ თქვენს პროფილში, სადაც პარამეტრებიდან გაქვთ შესაძლებლობა გააუქმოთ მომსახურება (უნდა დააჭიროთ ღილაკს „პროფილის წაშლა“).

 

5.   როგორ ვაცნობო 112-ს საცხოვრებელი ადგილის ან ტელეფონის ნომრის შეცვლის შემთხვევაში?

თქვენს პროფილში მოახდენთ მონაცემების რედაქტირებას, რაც ავტომატურად აისახება 112-ის ბაზაში.

 

6.    რატომ უნდა ვაცნობო 112-ს საცხოვრებელი ადგილის ან ტელეფონის ნომრის შეცვლის შესახებ?

ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა 112-ისთვის, რათა დროულად მოხდეს საჭირო დახმარების აღმოჩენა. თუ თქვენ, სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ადგილზე გჭირდებათ დახმარება და ამას დააკონკრეტებთ შეტყობინებაში, დრო აღარ დაიხარჯება მისამართის დაზუსტებაზე. თუ აგზავნით შეტყობინებას და არ აზუსტებთ ადგილმდებარეობას 112-ის ოპერატორი ვერ შეძლებს თქვენს დახმარებას.

 

1.   112-ის SMS სერვისით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერი მობილური ტელეფონის მეშვეობით?

დიახ. საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნებისმიერ სატელეფონო აბონენტს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს 112-ის SMS სერვისით.

 

2.   უნდა შევატყობინო თუ არა 112-ის ოპერატორს თუ აღარ მჭირდება ბრიგადის გამოძახება?

დიახ. იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია შეიცვლება ან მაშინ, როდესაც აღარ გჭირდებათ გადაუდებელი დახმარება კვლავ დაუკავშირდით 112-ის ოპერატორს.

 

3.    როგორ უნდა მივხვდე, რომ 112-ის ოპერატორს მივაწოდე საკმარისი ინფორმაცია?

112-ის ოპერატორი შეგატყობინებთ, როდესაც საკმარისი იქნება თქვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია.

 

4.  იმ შემთხვევაში, თუ მე საფრთხეში ვიქნები შესაძლებელია თუ არა სხვამ ისარგებლოს ჩემი მობილური ტელეფონით და განახორციელოს მოკლე ტექსტური შეტყობინება?

დიახ. შესაძლებელია, თუ ინიციატორი არის ყრუ ან სმენადაქვეითებული პირი. თუ თქვენი ახლობელი არ არის ყრუ ან სმენადაქვეითებული, უმჯობესია მან დარეკოს 112-ში.  

 

5.   რა ხდება მაშინ, თუ არ ვიცი სად ვიმყოფები?

ამ შემთხევაში, კარგი იქნება თუ მოახერხებთ მიმდებარე ტერიტორიაზე რაიმე მნიშვნელოვანი ობიექტის აღწერას, როგორიცაა მაგალითად: ეკლესია, სკვერი, ხიდი, ძეგლი. საქალაქთაშორისო მაგისტრალებზე გადაადგილებისას, უმჯობესია მოგვაწოდოთ ინფორმაცია უახლოესი ქალაქის შესახებ, რომელსაც ჩაუარეთ და დააკონკრეტეთ, დაახლოებით, რა მანძილი გაშორებთ. ასევე, თუ შესაძლებელია, მოგვაწოდეთ იმ სატრანსპორტო საშუალების მონაცემები, რომლითაც გადაადგილდებით.  (ფერი, მარკა, სერია, ნომერი, მარშრუტი), თქვით რა მიმართულებით მიდიხართ. თუ თქვენ ხედავთ რაიმე საგზაო ნიშანს ან ქუჩის სახელს მოგვწერეთ ამის შესახებ.

 

6.   როდესაც 112-ს ვუკავშირდები მოკლე ტექსტური შეტყობინებით, საჭიროა თუ არა იმის ახსნა, რომ ვარ ყრუ ან სმენადაქვეითებული პირი?

არა. რეგისტრაციის გავლისას თქვენ უკვე მითითებული გაქვთ, რომ ხართ ყრუ ან სმენადაქვეითებული.

 

 

1.   გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ცნობილი იქნება თუ არა ადგილმდებარეობა, საიდანაც ვაგზავნი მოკლე ტექსტურ შეტყობინებას?

არა. SMS-ის გაგზავნის შემთხვევაში არ არის შესაძლებელი ადგილმდებარეობის დადგენა. თუ თქვენ შეტყობინებაში ზუსტად არ მიუთითებთ ადგილს, სადაც უნდა მოვიდეს გადაუდებელი დახმარება, 112-ის ოპერატორი ვერ შეძლებს თქვენს დახმარებას.

 

 

2. შემიძლია ჩემს მობილურ ტელეფონში წინასწარ გავამზადო საგანგებო მოკლე ტექსტური შეტყობინება და გამოვიყენო გადაუდებელი დახმარების საჭიროების შემთხვევაში?

დიახ. თუ ტელეფონი გაძლევთ შესაძლებლობას შექმნათ შაბლონები, სჯობს, გქონდეთ გამზადებული ზოგადი შეტყობინებები (მაგალითად, სასწრაფო, სახანძრო-სამაშველო, პოლიცია, სახლის მისამართი).

 

1.   რა მოხდება, თუ ვინმე არამიზნობრვად გამოიყენებს 112-ს?

განხორციელდება იმავე სახის სანქციები, რაც მოქმედებს ცრუ სატელეფონო ზარის განხორციელების შემთხვევაში. ასევე, მოხდება ასეთი პირებისთვის რეგისტრაციის გაუქმება.

 

 

1.    ინტერნეტის რა სიჩქარე ან ხარისხი არის საჭირო ვიდეო ზარის განსახორციელებლად?

ვიდეო ზარის განსახორციელებლად საჭიროა ინტერნეტის შეუფერხებელი მიწოდება, რათა ხარვეზების გარეშე მოხდეს საუბრის წარმართვა.

 

2.   დამატებით, რა არის საჭირო ვიდეო ზარის განსახორციელებლად?

ვიდეო ზარის განსახორციელებლად აუცილებელია, კომპიუტერი აღჭურვილი იყოს ვებ-კამერით და სასურველია, გქონდეთ დინამიკი და მიკროფონი. ასევე, მობილური ტელეფონით ვიდეო ზარის განხორციელებისათვის საჭიროა, ინტერნეტთან წვდომა და Skype აპლიკაცია.