112-ის დღესთან დაკავშირებით, Erasmus+ საქართველოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა ერასმუსის სტიპენდიატებთან.
ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციამ (EENA) 2016 წლის პრიორიტეტად სტუდენტების ინფორმირება გამოაცხადა. შესაბამისად, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრმა, Erasmus+ საქართველოსთან ერთად, ახალი პროექტი დაიწყო, რომლის მიზანია, უსაფრთხოების საკითხებზე იმ ქართველი სტუდენტების ინფორმირება, რომლებიც სასწავლებლად ევროპაში მიემგზავრებიან.
ქართველმა სტუდენტებმა ევროპის უნივერსიტეტებში სწავლის დაწყებამდე მიიღეს სრული ინფორმაცია, როგორც სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ, ასევე ევროპაში მოქმედი გადაუდებელი დახმარების ნომრის – 112-ის შესახებ. სტუდენტებს 112-ის წარმომადგენლებმა მიაწოდეს ინფორმაცია, თუ რა შემთხვევაში უნდა დარეკონ 112-ზე, რომელი საგანგებო სამსახურების გამოძახებაა შესაძლებელი და როგორ უნდა ითანამშრომლონ ოპერატორთან, რათა დროულად მიიღონ გადაუდებელი დახმარება.