შსს სსიპ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112″ ახორციელებს ლიცენზირებული, ავტორიზებული, სანებართვო და სარეგისტრაციო დაწესებულებების ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას და ვიდეომეთვალყურეობის დამონტაჟების აქტის გაცემას.

აღნიშნულ დაწესებულებებს განეკუთვნება:

  • აზარტული დაწესებულებები;
  • მიკროსაფინანსო ორგანიზაციები;
  • სესხის გამცემი სუბიექტები;
  • ვალუტის გადამცვლელი პუნქტები;
  • ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერები;
  • აფთიაქები;
  • ავტოგასამართი, აირგასამართი და აირსავსები საკომპრესორო სადგურები.

2022 წლის 2 მარტს მიღებულ იქნა საქართველოს მთავრობის №101-ე დადგენილება, რომლის საფუძველზეც, 2024 წლის 1 იანვრიდან, ფართოვდება რეგულაციას დაქვემდებარებული დაწესებულებების რაოდენობა, კერძოდ არსებულ ობიექტებს დაემატა: 

  • კერძო / საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებები;
  • სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებები;
  • სიგარაბარები;
  • სავაჭრო ცენტრები;
  • ბაზარი / ბაზრობა.

ასევე, დაემატა ეკონომიკურ საქმიანობას დაქვემდებარებული ის ობიექტები, რომელთა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ნებისმიერი წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში აღემატება 500 000 (ხუთასი ათასი) ლარს (საბითუმო ვაჭრობა; საცალო ვაჭრობა; განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა; საკვებით და სასმელით მომსახურება).

აღნიშნული დაწესებულებების განსაზღვრისას მხედველობაში იქნა მიღებული, როგორც ეკონომიკური ფაქტორი, ისე ობიექტთა საქმიანობის სპეციფიკური მახასიათებლები.

განხორციელებული ცვლილებები უზრუნველყოფს დანაშაულის პრევენციას, პირთა უსაფრთხოებისა და საკუთრების უფლების დაცვას.

დადგენილებითვე განისაზღვრა ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ტექნიკური მახასიათებლები და ვიდეომეთვალყურეობის სისტემის განთავსების წესები.

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

  • ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ტექნიკური მახასიათებლები განსაზღვრულია დადგენილებით, დეტალები იხილეთ ბმულზე.
  • შენობა-ნაგებობის მთავარ შესასვლელთან, გარე პერიმეტრზე უნდა დამონტაჟდეს არანაკლებ 2 (ორი) ვიდეოკამერა, რომელიც შეესაბამება დადგენილ ტექნიკურ მახასიათებლებს.
  • თუ შენობა-ნაგებობას აქვს სათადარიგო შესასვლელი, სავალდებულოა 1 (ერთი) ვიდეოკამერის დამონტაჟება თითოეულ სათადარიგო შესასვლელთან.
  • ვიდეოკამერები უნდა განთავსდეს ისეთი განლაგებით, რომ უზრუნველყოფილი იყოს შენობა-ნაგებობაში შემსვლელი და გამსვლელი პირის დანახვა და იდენტიფიკაცია.
  • ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ციფრული ინფორმაცია (ელექტრონული ინფორმაცია), შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 30 დღისა და არაუმეტეს 6 თვისა, უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე.
  • დაწესებულებების ხელმძღვანელი ან სხვა პასუხისმგებელი პირები,  ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის შემოწმების მოთხოვნის მიზნით, ვალდებულნი არიან დარეგისტრირდნენ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112″-ის პორტალზე camera.mia.gov.ge.
  • ლიცენზირებული, ავტორიზებული, სანებართვო და სარეგისტრაციო დაწესებულებების ვიდეომეთვალყურეობის სისტემის შემოწმებისათვის, განსაზღვრული საფასურებია:

             – განცხადებით მომართვიდან 30 სამუშაო დღის განმავლობაში საფასურის ოდენობა შეადგენს 100 ლარს;

             – განცხადებით მომართვიდან 14 სამუშაო დღის ვადაში საფასურის ოდენობა შეადგენს  – 200 ლარს;

             – განცხადებით მომართვიდან  7 სამუშაო დღის ვადაში საფასურის განაკვეთი შეადგენს – 400 ლარს;

             – ხოლო განცხადებით მომართვიდან  3 სამუშაო დღის ვადაში საფასურის განაკვეთი შეადგენს – 500 ლარს.

  • ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, დახარვეზებულმა ობიექტმა უნდა აღმოფხვრას ხარვეზი და ხელახლა გაიაროს პროცედურები ყველა წესის დაცვით.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 032 2 41 96 43;

სამუშაო საათები: ორშაბათი – პარასკევი: 09:00 – 18:00 სთ.