ოჯახში ძალადობის ელექტრონული მონიტორინგის სისტემა
2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან, საქართველოს კანონმდებლობით ძალაში შევიდა მოძალადის ელექტრონული ზედამხედველობის პროგრამა, რომელსაც ტექნიკურად უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ში შეიქმნა ელექტრონული მონიტორინგის ცენტრი, რომლის კომპეტენციის ფარგლებშიც დაიწყო „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება.
საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან – UN WOMEN-თან აქტიური თანამშრომლობით. მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად შეიქმნა დამატებითი მექანიზმები ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის ეფექტიანობის ასამაღლებლად. კანონის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, შესაძლებელი იქნება მოძალადის მიმართ დაწესდეს ელექტრონული ზედამხედველობა, თუ სახეზეა ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე. მოძალადეს სხეულზე ელექტრონული სამაჯური დაუმაგრდება, რომლის დახმარებითაც მოძალადის მიერ მსხვერპლთან/მსხვერპლის სახლთან, მის სამსახურთან და სხვა ტერიტორიასთან მიახლოების რეალურ დროში კონტროლი მოხდება.
ელექტრონული ზედამხედველობის ეფექტურად განსახორციელებლად, „112“-ის თანამშრომლები საერთაშორისო ექსპერტების მიერ გადამზადნენ. თანამშრომელთათვის ონლაინ რეჟიმში ჩატარდა ,,ოჯახში ძალადობის მონიტორინგის სისტემის ტრენინგი’’ საერთაშორისო კომპანია „Attenti“-ს ტრენერების მიერ, ამასთანავე ოჯახური ძალადობის მხარეებთან კომუნიკაციის საჭიროებიდან გამომდინარე განხორციელდა თანამშრომლების ფსიქოლოგიური გადამზადება.
ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და სამინისტროს მხრიდან ეტაპობრივად ამ მიმართულებით არაერთი ღონისძიება ტარდება.




