2015 წლის, 17 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტში, 112-ის SMS და ვიდეო ზარის სერვისის ტესტირების ფარგლებში ვორქშოპი ჩატარდა.
აღნიშნული ვორქშოპის მიზანს წარმოადგენდა, ყრუ და სმენადაქვეითებული პირების მიერ 112-თან დაკავშირების მეთოდების ტესტირება, SMS და ვიდეო ზარის პროგრამების ხარვეზების გამოვლენა და უშუალოდ პროექტის ბენეფიციარების მიერ სარეგისტრაციო ფორმის შესახებ რეკომენდაციების გაწერა.
ვორქშოპში მონაწილეობდნენ 112-ის, UNDP-ისა და ინოვაციური სერვისების ლაბორატორიის თანამშრომლები, ყრუ და სმენადაქვეითებული პირები და ჟესტური ენის მცოდნე თარჯიმნები.
2015 წლის, 27 მარტიდან ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანები შეძლებენ 112-თან დაკავშირებას მთელი საქართველოს მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში, მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ვიდეო ზარის საშუალებით. ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისგან შესულ შეტყობინებებს ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორები მიიღებენ.
112-ის სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. სარეგისტრაციო ფორმის შევსება შესაძლებელი იქნება, 27 მარტიდან, 112-ის ვებ-გვერდზე www.112.ge
ახალი სერვისით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევის დროს. 112-ში შესული შეტყობინება სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას, საპატრულო პოლიციასა და სახანძრო/სამაშველო სამსახურს გადაეცემა.
პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება.