შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დირექტორმა – გიორგი არსოშვილმა გერმანიის, პოლონეთის, საბერძნეთის, ავსტრიის, საფრანგეთის, ესპანეთისა და ლატვიის მეკავშირე ოფიცრებს უმასპინძლა.
სტუმრებმა ქოლ-ცენტრი დაათვალიერეს და ოპერატორებისა და დისპეტჩერების მუშაობის პროცესს დაესწრნენ. მათ, ასევე, დეტალური ინფორმაცია მიიღეს ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მართვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ.
მეკავშირე ოფიცრები ელექტრონული მონიტორინგის ცენტრის მუშაობასაც გაეცნენ, კერძოდ, თუ როგორ ხდება „112“-ის მიერ ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით მოძალადის ვირტუალური მონიტორინგი.