2015 წლის 7 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტს, პროექტის „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის” პროგრამის ფარგლებში, მე-60 საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.
აღნიშნული პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება.
პროექტის მიზანია, არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენცია, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე მათი სამოქალაქო ცნობიერების განვითარების ხელშეწყობის გზით. ასევე, ახალგაზრდებში სამართლებრივი ცნობიერების, მართლშეგნებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდა და გადაუდებელ სიტუაციებში ქცევის წესები.
ვიზიტის ფარგლებში, ახალგაზრდებმა დაათვალიერეს 112-ის სამუშაო დარბაზი, ადგილზე გაეცნენ სამსახურისა და ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას. სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია გადაუდებელი დახმარების უნიკალური ნომრის – 112-ის შესახებ, რომლის მიზანია, მოქალაქეთათვის გადაუდებელი შემთხვევების დროს დახმარების აღმოჩენა, მთელი საქართველოს მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში. ასევე, მოზარდებს მიეწოდთ დეტალური ინფორმაცია, როგორ და რა დროს უნდა დარეკონ 112-ზე. გაიგეს, რომელი გადაუდებელი სამსახურის ბრიგადების გამოძახებაა შესაძლებელი 112-ზე დარეკვით.
112-ში სტუმრობის დროს სკოლის მოსწავლეებმა სამსახურის წარმომადგენლებისგან შეიტყვეს, თუ რა ზიანის მომტანია ცრუ ზარის განხორციელება 112-ზე და რა სანქციებია გათვალისწინებული ნომრის არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევებში. უფროსკლასელებს განემარტათ, რომ 112 უნდა გამოიყენონ მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში და არამიზნობრივი ზარებით საფრთხე არ უნდა შეუქმნან სხვის სიცოცხლეს. ასევე, ბავშვებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს 112-ის ოპერატორთან თანამშრომლობის წესების შესახებ, თუ რა ინფორმაცია უნდა მიაწოდონ საგანგებო შემთხვევის დროს ოპერატორს და რა კითხვებზე უნდა ჰქონდეთ პასუხი.
ბავშვები დაინტერესდნენ 112-ის SMS და ვიდეო ზარით და გაიგეს, როგორ უნდა ისარგებლონ აღნიშნული სერვისით ყრუ და სმენადაქვეითებულმა პირებმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 1 მაისიდან დაიწყო საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია, რომლის მიზანია, საზოგადოების ინფორმირებულობა სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ფორმების და კანონით გათვალისწინებული, მოქალაქეების უფლების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ პროექტი „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის” აქტიურ ფაზაშია შესული და ხორციელდება როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონების საჯარო სკოლებში, მათ შორის, არაქართულენოვან სკოლებში. უფროსკლასელთათვის ექსკურსიები ეწყობა შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში, კერძოდ, მომსახურების სააგენტოში, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში, სასაზღვრო პოლიციაში, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112″-ში, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრში და შსს-ს აკადემიაში.