შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტს აშშ-ს ჯორჯიის შტატის ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელი პირები და საქართველოში აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) პროგრამის წარმომადგენლები ეწვივნენ. სტუმრებს 112-ის დირექტორმა გიორგი ბიჭაშვილმა უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ს დელეგაცის წევრები საქართველოში გადაუდებელი დახმარების მართვის სფეროში არსებულ სიტუაციას გაეცნენ და ქვეყანაში მოქმედი, გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის – 112-ის ფუნქციონირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
სტუმრებს საშუალება მიეცათ ადგილზე გასცნობოდნენ 112-ის ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას, დაკვირვებოდნენ ზარის მიღებისა და შეტყობინების დამუშავების პროცესს.
გიორგი ბიჭაშვილმა დელეგაციის წევრებს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი დაათვალიერებინა და სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.