შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ს ყრუ და სმენადაქვეითებული პირები ესტუმრნენ. 112-ის წარმომადგენლებმა სტუმრებს SMS და ვიდეო ზარის სერვისის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. საინფორმაციო შეხვედრის განმავლობაში, ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს შესაძლებლობა მიეცათ ადგილზე დარეგისტრირებულიყვნენ 112-ის მონაცემთა ბაზაში და ახალი მომსახურების ეფექტურობა პირადად შეემოწმებინათ.
112-ის მიზანია SMS და ვიდეო ზარის სერვისის ბაზაში დაარეგისტრიროს საქართველოში მცხოვრები ყველა ყრუ და სმენადაქვეითებული პირი, რათა მათ საჭიროების შემთხვევაში დამოუკიდებლად შეძლონ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრთან დაკავშირება. SMS და ვიდეო ზარის სერვისის შექმნის პირველ ეტაპზე, 112-მა საქართველოს მასშტაბით უკვე დაარეგისტრირა ყრუ და სმენადაქვეითებული პირების გარკვეული ნაწილი. პროექტის მეორე ეტაპზე, ყრუთა კავშირთან თანამშრომლობით, დაიგეგმა აღნიშნული პირების ყოველკვირეული ვიზიტი 112-ის ოფისში. 6 თვის განმავლობაში, ყოველკვირეული ვიზიტების ფარგლებში, ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს მათთვის განსაზღვრული სერვისის შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარდებათ და 112-ის მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირდებიან, ასევე დაათვალიერებენ 112-ის ქოლ-ცენტრს და გაეცნობიან, როგორ ხდება SMS და ვიდეო ზარის მიღება.
112-ის SMS და ვიდეო ზარის სერვისი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით დაინერგა. სერვისის შემუშავებაში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ყრუთა კავშირი. SMS და ვიდეო ზარების სერვისი უფასოა და განკუთვნილია მხოლოდ ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის. სერვისი მოქმედებს მთელი საქართველოს მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში. 112-ში შემოსული შეტყობინება, გადაუდებელი დახმარების შესახებ, გადაეცემა სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას, პოლიციას და სახანძრო-სამაშველო სამსახურს. ვიდეო ზარის საშუალებით შემოსულ შეტყობინებებს ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორები იღებენ. აღნიშნული სერვისით სარგებლობისათვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია 112-ის ვებ-გვერდზე: www.112.ge