საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განისაზღვრა დასჯის ზომები და სასჯელი გამკაცრდა იმ პირთა მიმართ, ვინც გადაუდებელი დახმარების ერთიან ნომერ „112″-ს არამიზნობრივად გამოიყენებს ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების განხორციელების მიზნით.

მშობლის ან მისი შემცვლელი პირის პასუხისმგებლობის საკითხი დგება შემდეგი კანონდარღვევების შემთხვევაში:

  1. 14 წლამდე არასრულწლოვნის მიერ „112″-ზე ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება გამოიწვევს მშობლის ან მისი შემცვლელი პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.
    1 წლის განმავლობაში აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 2500 ლარით.
  2. 16 წლამდე მოზარდის მიერ „112″-ზე არამიზნობრივი და ცრუ ზარის განხორციელება გამოიწვევს მშობლის ან მისი შემცვლელი პირის დაჯარიმებას 100-დან 300 ლარამდე ოდენობის თანხით.
    აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით.

უშუალოდ ზარის ინიციატორის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება შემდეგი კანონდარღვევების შემთხვევაში:

  1. 14 წლის ზევით მოზარდის მიერ „112″-ზე ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების განხორციელება ისჯება გამოსასწორებელი სამუშაო ვადით 1-დან 2 წლამდე ან 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
    აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა, გარემოებათა გათვალისწინებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5-დან 7 წლამდე.
  2. 16 წლის ზევით პიროვნება „112″-ზე არამიზნობრივი ზარის სისტემატურად განხორციელებისათვის დაისჯება 300 ლარის ოდენობით.
    1 წლის განმავლობაში აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩამდენი პირი დაჯარიმდება 400 ლარის ოდენობით.

ასევე, 16 წლის ზევით პიროვნება ცრუ ზარის განხორციელების შემთხვევაში დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით.

1 წლის განმავლობაში აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩამდენი პირი დაჯარიმდება 1000 ლარით ან დაისჯება 15 დღე-ღამემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობით.

აღსანიშნავია, რომ ცრუ შეტყობინების მიწოდების შემთხვევაში მოქალაქეს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა, თუ „112″-ზე შეტყობინების განხორციელების მიზეზი მის მიერ გარემოებათა არასწორი, სუბიექტური შეფასებაა, როდესაც ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, პირმა შეიძლება ივარაუდოს გადაუდებელი დახმარების აუცილებლობა.