შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112″-ს ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი რიჰარდ კაზლოვსკი ესტუმრა. მინისტრმა ცენტრი დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო მუშაობის სპეციფიკას.
„112″-ის წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს პრეზენტაციის სახით გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში, ორი წლის განმავლობაში, განხორციელებული ცვლილებები და სამომავლო გეგმები გააცნეს, მათ შორის, „112″-თან მოკლე ტექსტური შეტყობინებით დაკავშირების საშუალება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის.
სტუმრები „112″-ში არსებული ინტეგრირებული მართვის მოდელით დაინტერესდნენ, სადაც საგანგებო სამსახურების კოორდინირებული მუშაობა ერთიანი ცენტრიდან ხორციელდება.
ვიზიტის დასასრულს „112″-ის დირექტორმა გიორგი ბიჭაშვილმა დელეგაციის წევრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.