შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მზრუნველობამოკლებულ 100 ბავშვს და 112-ის თანამშრომლების შვილებს მიულოცა.
მოზარდების საზოგადოებაში ინტეგრირების მიზნით 112-ის ეზოში გაიმართა გრანდიოზული ღონისძიება შოუს ელემენტებით. თამაშებსა და კონკურსებში მოწვეულმა ბავშვებმა უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა.
სტუმრად მოსულ მოზარდებს ზღაპრის გმირები გაუმასპინძლდნენ. პერსონაჟებმა „112″-ის ეზო რამდენიმე საათით ჯადოსნურ სცენად გადააქციეს. პატარები აღმოჩნდნენ ულამაზეს სამყაროში, სადაც თვითონ იყვნენ საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებული თავგადასავლების მონაწილეები.
ბავშვებს საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო, საპატრულო ეკიპაჟები, გახალისდნენ სახის მოხატვით და „112″-ის ტერიტორია ფერადი ცარცებით მოხატეს.
ღონისძიებაზე ბავშვებმა მიიღეს სამახსოვრო პრომო საჩუქრები 112-ისაგან.
დღის დასასრულს სტუმარი ბავშვები სპეციალურად გამართულ, ჯგუფ „ნიუტონი”-ს კონცერტს დაესწრნენ, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ჩატარდა. კონცერტი გაიმართა 19:00 საათზე, კუს ტბის ტერიტორიაზე არსებულ ბარ „ვიტამინში”.