21 ნოემბერი, 2018 წ.

დრო – წამი

მახსოვს მე-3 თუ მე-4 კლასში მასწავლებელმა თავისუფალი თემის დაწერა დაგვავალა „როგორ მესახება ჩემი მომავალი“. დავწერეთ. ზოგმა – მსახიობის გრიმი მოირგო, ზოგი -თეთრ ხალათში გამოეწყო, ზოგმა საკუთარი თავი მასწავლებლის მაგიდასთან წარმოიდგინა და ა. შ. არც ერთ ჩვენთაგანს ხელობაზე და მუშის პროფესიაზე არ უოცნებია. ეს არ გახლდათ მარტო ჩემი მეგობრების პრობლემა. ეს თაობების პრობლემა იყო. უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი ხშირად მშობლის აკვიატება უფრო იყო, ვიდრე თავად ახალგაზრდის. შემდეგ იყო გაუთავებელი წუწუნი სამსახურის შოვნაზე. სასთუმალთან დადებული განათლების დამადასტურებელი მოწმობაც მხოლოდ მაშინ გვახსენდებოდა, როცა მავანი ჩვენთვის „შეუფერებელ“ სამსახურს გვთავაზობდა. ჩვენ ხომ დიპლომიანები ვიყავით. ასეთი ყოფით ქვეყანა რომ ვერ ავაშენეთ ფაქტია.

განათლების სისტემის მაშინდელი მესვეურები არასდროს საუბრობდნენ პროფესიული სწავლების როლსა და მნიშვნელობაზე. მეტიც მას „სადამსჯელო“ ფუნქციასაც კი ანიჭებდნენ. სამწუხაროდ, თანამედროვე მოზარდებსაც ნაკლებად ელაპარაკებიან პროფესიული სწავლების იმ უპირატესობებზე, რაც მას საკუთარი მომავლის განსაზღვრასა და დაგეგმვაში დაეხმარება.

არადა, ზოგჯერ სულ მარტივად შეიძლება აირჩიო ის პროფესია, რომელიც შენი საუკეთესო თვისებების გამოვლენაში დაგეხმარება. თუკი თავს ყველაზე კომფორტულად ადამიანებთან ურთიერთობასა და მათ დახმარებაში გრძნობ, შეგიძლია თამამად აირჩიო ოპერატორის პროფესია.

ეს პროფესია სათავეს მე-19 საუკუნის ბოლოდან იღებს. ეს ის პერიოდია, როდესაც სამყაროში ტელეფონი ჩნდება. გარდა იმისა, რომ ოპერატორს სწრაფი რეაქცია და შესაბამისი ანალიზის უნარი უნდა ჰქონდეს, მას შეუძლია მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი უნარ-თვისებებიც გამოიყენოს. ეს შეიძლება იყოს ორიენტაცია დეტალებზე, პიროვნული სიძლიერე, თუ სხვა რამ. ასე მგონია, ამ სამსახურში დასაქმებული ადამიანები დროს მხოლდ წამებში ზომავენ. ამ წამებს ხომ ზოგჯერ ადამიანის სიცოცხლის ხსნა შეუძლია. ძნელია ალბათ მოთოკო ემოციები, როცა ყურმილის მეორე ბოლოდან ადამიანის განწირული ხმა გესმის, მაგრამ დროთა განმავლობაში ამასაც ეჩვევი და სწავლობ, რადგან ამ დროს საკუთარმა ემოციებმა ადვილი შესაძლებელია ხელიც კი შეგიშალოს. ცივი გონებით უფრო ადვილად ახერხებ სათანადო დახმარების აღმოჩენას. თანაც, ძნელია ყველა ზარს ამყოფინო შენი ემოცია. 

გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრში 18 000-მდე ზარი შემოდის. მუშაობის პროცესში მიღებული უამრავი შეტყობინების მიუხედავად, მაინც არსებობს ისეთი ზარი, რომელიც არასდროს გავიწყდება. მეტიც, ზოგჯერ მოსაუბრის ხმა და ემოციაც გამახსოვრდება.

ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა გასაჭირში მყოფი ადამიანის სახელი და გვარი ოპერატორის ოჯახის წევრის სახელსა და გვარს დამთხვევია, დამთხვევია მისამართიც. დიდხანს გაგყოლიათ შემოსული ზარის დროს ჯოხის კაკუნის ხმა და ერთადერთი სიტყვა – „მიშველეთ!“; 

მთელი არსებით გიგრძვნიათ მეწყერში მოყოლილი გოგონა როგორ კარგავს გონს, ვერც საკუთარ ადგილმდებარეობას გისახელებთ. იმ მიზნით რომ გოგონამ სიფხიზლე არ მოადუნოს საუბარს წელავ. პროფესიონალური ხერხებით ადგილმდებარეობასაც ადგენ და შესაბამის სამსახურსაც დროულად უშვებ. მოგვიანებით აღმოაჩენ, რომ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებიც გოგონას გამოყვანის დროს მეწყერში მოყვნენ და მხოლოდ დამატებით გაგზავნილი ბრიგადა ახერხებს მათ გამოყვანას. ასეთ დროს სიამაყისა და კმაყოფილების განცდა ბუნებრივად გიჩნდება. შენ ხომ სხვებთან ერთად ყველაზე სანუკვარი რამ – ადამიანის სიცოცხლე იხსენი.

რატომღაც ოპერატორობა უფრო ქალურ პროფესიად არის მიჩნეული. ალბათ, მიზეზიც ბანალურია: – „ქალს მეტის ატანა შეუძლია“. აქედან გამომდინარე, გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრში გენდერული ბალანსი თითქმის დარღვეულია. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს ტენდენცია ნელ-ნელა კლებულობს.

ალბათ ერთდროულად ძნელიცა და საინტერესოცაა მუშაობდე ისეთ ადგილას, სადაც ერთი ოპერატორის სიტყვებით რომ ვთქვათ – ქვეყნის დაავადებული გულის რაღაც ნაწილი ძგერს. აქ დასაქმებულ ადამიანებს მუდმივად სამშობლოს პულსზე უდევთ ხელი. ითვლიან და ქვეყნის უსაფრთხო არსებობას უზრუნველყოფენ.

აღნიშნული ბლოგი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (ISWD) მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში და დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის II კომპაქტის მიერ. მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს პოზიციას.