30 ნოემბერი, 2018წ


#112გისმენთ

იმ დღესაც გალეშილი დაბრუნდა. არადა, გათხოვებამდე წვეთსაც არ სვამდა. ახლაღა ვხვდები, რომ მაშინ რაღაცას მალავდა. დედაჩემს ძალიან უხაროდა – ჩემი სიძე სასმელს არ ეკარებაო, რადგან თავადაც ბევრი გადაეტანა მსმელი ქმრის ხელში. თავიდან შვილის გამო რაღაცნაირად ვცდილობდი სხვებისთვის დამემალა მისი უმიზეზო, არაადეკვატური გამოხტომები, რომელთა მიზეზის დადგენა ძალიან მიჭირდა, მაგრამ, როდესაც მეორეც ქალიშვილი შეგვეძინა უკვე აღარც მალავდა ჩხუბის მიზეზს:

– მერამდენე ქალი უნდა მოავლინო ამ ქვეყნად! -აღრიალდა სამშობიაროდან გამოსვლის მესამე დღეს, როცა ბავშვი მისმა მეგობარმა დათომ, თავის ოჯახობასთან ერთად მოინახულა. დათოს და მარიტას ორი ვაჟი ჰყავდათ.

მას მერე ცხოვრება ჯოჯოხეთად მექცა. სიმთვრალის მიზეზს ყოველთვის პოულობდა. მეც ძალიან მინდოდა მისთვის მემკვიდრე გამეჩინა, მაგრამ უკვე ვხვდებოდი, რომ უძეობა თითიდან გამოწოვილი მიზეზი იყო და გამოსავალს ვეძებდი. ამავე მიზეზით ჩემს მრავალჭირნახულ მშობლებს და მეგობრებს, რომელთაც არასოდეს შევჩიოდი ვერანაირად ვაჯერებდი ჩემს გასაჭირს. ისინი თვლიდნენ რომ ოჯახს უნდა გაეძლო ასეთი ,,მსუბუქი რყევებისათვის”. სახეზე ნაკვალევს ყოველთვის ერიდებოდა. მიკვირდა მისი ასეთი სიფრთხილე, მაგრამ, როცა მახსენდებოდა როგორ იკავებდა სასმელისაგან თავს შეუღლებამდე ერთი წლის განმავლობაში, აღარც მისი გამიზნული მუშტი-კრივი მაოცებდა.

– მამიკო, მამიკო, დღეს საბავშო ბაღში ნიკამ მაკოცა… ეტიტინებოდა გზად მამას აფორიაქებული ნინიკო.

ბავშვი სახლში შემოუსვლელად შემომაჩეჩა და საქმე მაქვსო – მომიგდო. საღამოს შინ დაბრუნებული პირში ენას ვეღარ ატრიალებდა. რა თქმა უნდა სამიზნედ ისევ მე ამომირჩია.

ეს ყველაფერი მოგვიანებით გაირკვა. მანამდე კი გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრში ოპერატორთან მორიგი ზარი გაისმა:

– 112 – ია? -კითხულობს ხმააჭრილი ახალგაზრდა ქალი.

– დიახ, 112 გისმენთ!

– მამიკო, მამიკო, დედას სისხლი მოსდის – ისმის გოგონას განწირული ხმა. .

ქალი პასუხს ვეღარ აბრუნებს. სატელეფონო კონტაქტი წყდება. შემოსულ ნომერზე ვრეკავთ. არავინ გვპასუხობს. მესამე მცდელობაზე ათიოდე წლის გოგონა ტირილნარევი ხმით შემდეგ ფრაზას ამბობს – ,,ვაჟა ფშაველას ლექსი მაქვს სასწავლი, უკვე ხუთჯერ წავიკითხე მამიკო. .. მოდი რა ჩაგაბარებ!” – გავოგნდით, მაგრამ უცებ გავიაზრეთ მომხდარი. დედის ნაკარნახევს მივამგვანეთ და ერთხელაც გადავრეკეთ. ამჯერად მამრის მშვიდმა ბარიტონმა გვიპასუხა. ფორმალურად ვიღაც მოვიკითხეთ, მაგრამ დროის დაკარგვა გამოდიოდა და გოგონას გზავნილ კოდს ვენდეთ.

კარს არავინ გვიღებდა, მაგრამ ბავშვის ტირილზე მივხვდით, რომ დაყოვნება ტრაგედიის ტოლფასი იქნებოდა. კარი ძალის გამოყენებით გავაღეთ. იატაკზე სისხლში ამოსვრილი ქალი ეგდო. ატირებული ბავშვები დედას წყალს ასხამდნენ. მამრს სახე ხელებში ჩაერგო და ქვითინებდა. ეს მისი სიბრაზით ნამოქმედარს კი არა პათოლოგი კაცის საქციელს უფრო ჰგავდა.

ამჯერად, ჩვენი ოპერატიულობით ქალის ხსნა მოვახერხეთ. ოჯახით კი სათანადო ფსიქოლოგიური და სამართლებრივი სამსახურები დავაინტერესეთ.

თავის დროზე, როცა ერეკლე დეისაძის მოთხრობა – ,,გემრიელად მიირთვით” წავიკითხე, რაღაც-რაღაცები მწერლის ფანტაზიად მივიჩნიე, მაგრამ ახლა ვრწმუნდები, რომ რეალობა ისეთივე და, ზოგჯერ, უფრო დაუნდობელიც კია, ვიდრე კაცის წარმოსახვა.

აღნიშნული ბლოგი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (ISWD) მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში და დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის II კომპაქტის მიერ. მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს პოზიციას.