ამ ადამიანების სამუშაო დღე ცვლებით მუშაობას გულისხმობს და, იმ დროს იწყება, როცა თქვენ ჯერ ისევ საწოლში ნებივრობთ ან ღამის დასვენებისთვის ემზადებით. ერთგვარად სიმბოლურია ის, რომ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის შენობა ჩვენს ქალაქს ზემოდან დაჰყურებს და, თითქოს ამითაც უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას. ეს უსაფრთხოება კი მეტწილად აქ მომუშავე ადამიანების სწრაფ და ზუსტ რეაქციებზეა დამოკიდებული.
პირველი რგოლი ოპერატორების რგოლია. მათი მეშვეობით, შემოსული ინფორმაცია ოპერატიულად გადაეცემა ამავე სამსახურის შემდგომ რგოლს – დისპეტჩერებს. სწორედ ამ სამსახურს ევალება ადამიანებისთვის შესაბამისი საგანგებო სამსახურების გაგზავნა. თუმცა, ყველა ზარზე როდი ხდება ბრიგადის მობილიზება, მოსახლეობის ნაკლებ ინფორმირებულობისა და სხვა ფაქტორების გამო. ჯერ კიდევ მრავლადაა ხელისშემშლელი არამიზნობრივი ზარებიც. ე. ი. ისეთი ზარები, რომელთა მოგვარებაც მათ კომპეტენციაში არ შედის. ასეთ შემთხვევებში ოპერატორები ინფორმაციის გაცემით და შესაბამის სტრუქტურებთან მათი გადამისამართებით შემოიფარგლებიან.
„112“-ის შესაბამისი სამსახურების მიერ, დღემდე მუდმივად ხორციელდება ღონისძიებები ამდაგვარი შეტყობინებების აღმოსაფხვრელად. მართალია, ზარებმა იკლო, მაგრამ სასურველი შედეგი ჯერ შორსაა. საამისოდ კი, ალბათ, ჩვენ, საზოგადოება უნდა გავიზარდოთ, უნდა გავითავისოთ ის, რომ ზოგჯერ ასეთმა ზარმა თანამოძმის სიცოცხლესაც კი შეიძლება შეუქმნას საფრთხე. შეიძლება სწორედ ამ დროს სხვა ადამიანს ესაჭიროებოდეს დროული დახმარება.
დღეს, საქართველოში, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ორი ცენტრი ფუნქციონირებს: თბილისსა და ქ. რუსთავში. ასეთი დახმარების საჭიროების შეთხვევაში, შეგვიძლია იმ 282 ადამიანის იმედად ვიყოთ, რომლებიც ორივე ცენტრის სატელეფონო მომსახურებას უზრუნველყოფენ. მათ შორის ყველაზე უმცროსი 18 წლისაა. მართალია, ახალგაზრდები ტექნიკურად უფრო სწრაფად უმკლავდებიან სამუშაოს, მაგრამ უფროსი კოლეგების აზრით, მათ ჯერ კიდევ აკლიათ ემოციური მზაობა. თუმცა, ეს ყველაფერი მაინც პიროვნულ დონეზე დადის: მართალია სამუშაოს ემოციური ასპექტის მნიშვნელობას ყველა აქ მომუშავე ადამიანი ერთხმად აღიარებს, მაგრამ ერთნი თვლიან, რომ საუბრის ინიციატორის ემოციები თუ არ „გადმოგედო“ ისე სრულყოფილი დახმარების აღმოჩენა გაგიჭირდება. მეორენი მიიჩნევენ, რომ ასეთ დროს ემოციები მხოლოდ ხელს გიშლიან და უმჯობესია საქმეს ცივი გონებით მიუდგე. ყოველივე ეს პიროვნების გადასაწყვეტია, მიზანი კი ყველასთვის ერთია – მოქალაქეს დროულად გაუწიოს სათანადო მომსახურება, მაშინაც კი, როცა მას ემოციურად უჭირს. მომსახურების ხარისხზე აქ ინსპექტირების სამსახური ზრუნავს. შემოსულ ზარებზე მონიტორინგი აქ ყოველდღიურად ხორციელდება.
ბუნებრივია, რომ ხარისხიანი სერვისის მიწოდებას, მხოლოდ სამუშაოთი კმაყოფილი თანამშრომლები შესძლებენ. ეს კარგად იციან ორგანიზაციაში და, ამიტომ, აქ მუდმივად ზრუნავენ მათი პირობების გაუმჯობესებაზე: მცირდება სამუშაო საათები, წესდება დამატებითი დასვენების დღეები, წამახალისებელი ფულადი დანამატები, შემოღებულია წოდებები – ,,თვის ოპერატორი“ და ,,თვის გუნდი“.
მუშაობის მანძილზე თითქმის ყველა ოპერატორს ჰქონია ისეთი ზარი, რომელიც დროის ხანდაზმულობის მიუხედავად მაინც ახსოვს.
– „ალბათ კარგა ხანს არ დამავიწყდება იმ დამაჯერებელი ხმის ინტონაცია, რომელიც წინა მორიგეობის დროს 112-ში შემოვიდა“- მიყვება ჩემი მომხიბვლელი რესპოდენტი:
– „სკოლიდან დაბრუნებულმა ლიზიმ ბებიას, როგორც ყოველთვის სამზარეულოში მოჰკრა თვალი. მაგრამ ბებო ჩვეულებისამებრ არ შეხმიანებია. ხელების დაბანის შემდეგ. გემრიელი სადილის იმედით ლიზი სამზარეულოში სულ ღიღინ-ღიღინით შესულა. ბებოს თავი სამზარეულოს მაგიდაზე ჩამოედო, თვალები დაეხუჭა და დაბალი ხმით რაღაცას ამბობდა. გოგო შეეცადა გაეგო.
– „ცუდად ვარ ლიზიკო“. ერთი კი იფიქრა კარის მეზობელს, ნინო დეიდას დავუძახებო, მაგრამ გაახსენდა მისი ამოსვლის დროს ნინო კიბეზე ჩადიოდა. დედაც ვერ შეძლებდა სამსახურიდან ესე უცებ მოსვლას. თანაც ძალიან შეეშინდებოდა. უცებ გაახსენდა 112… ოპერატორთან საუბრისას ემოციები სჭარბობდა, მაგრამ ყველა საჭირო ინფორმაციაც უშეცდომოდ მიაწოდა. სულ ცოტა ხანში მათ სადარბაზოსთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა იდგა. ბებოს შაქარი დავარდნოდა.
– „იცით რატომ იმოქმედა ზარმა ესე?“ აგრძელებს რესპოდენტი. – „სახლში ზუსტად ლიზის ხელა შვილიშვილი მყავს. ცუდად რომ გავხდე ყოველთვის მისი და 112-ის იმედი მექნება“.
აღნიშნული ბლოგი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (ISWD) მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში და დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის II კომპაქტის მიერ. მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს პოზიციას.