ბინდდებოდა. მენატრები! – მოსწერა კესომ თელავიდან. გეგემ კახეთში წასვლა უცებ გადაწყვიტა. სახელდახელოდ მოემზადა. ოთახში მყოფ დედას თითების მოძრაობით უთხრა: „ამაღამ ნუ დამელოდები“-ო და სახლის კარი გაიხურა. სადგომზე გაჩერებულ მანქანას წითელ-ყვითელი ფოთლები ეყარა. სიჩქარეში სანახევროდ გადაწმინდა და ერთ საათში უკვე გომბორის თოვლსაც მოჰკრა თვალი. „შემოდგომის კახეთს არაფერი შეედრება, მაგრამ კესო ალბათ ამ დაშაქრულ ამინდშიც ტრენინგზე ზის. ხვალ, დღის პირველ ნახევარში გათავისუფლდება და გრემს ვანახებ…“ – ფიქრებში წასულ გეგეს საბურავის დაშვების ხმა არ გაუგონია… ეს მერეღა შეამჩნია, როცა მანქანა უკვე ხრამის პირს მისდგომოდა. ფრთხილად გადმოვიდა, მაგრამ დაბლა ჩახედვის შეეშინდა. დაუხმარებლად ვერაფერს გააწყობდა. ცენტრალურ გზასაც საკმაოდ დაშორებოდა. ტელეფონში საჭირო აპლიკაცია მოძებნა და 112 აკრიფა. წამებში ოპერატორი ჟესტურ ენაზე მიესალმა. ყველა საჭირო ინფორმაცია გაიცვალა. წუთები დასჭირდა სამაშველო ეკიპაჟის მოსვლასაც. მალე კესოსაც ნახავდა. საქართველოში 2018 წელი იდგა.

რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთ სამუშაო შეხვედრაზე, კოლეგები იმ სერვისის აუცილებლობაზე საუბრობდნენ, რომლიც სმენის პრობლემების მქონე ადამიანებს საგანგებო სიტუაციაში დამოუკიდებლად მოქმედების საშუალებას მისცემდა. უნდა ვაღიარო, რომ ამაზე იქამდე არასოდეს მეფიქრა. გავოცდი, როცა იქ დამსწრე ქალბატონმა თითების მოძრაობით გვითხრა: „ერთი კვირის წინ, შუაღამისას, სასწრაფოს გამოსაძახებლად, მეზობელი გავაღვიძეო“. დამეთანხმებით ალბათ, ადამიანის კრიტიკულ სიტუაციაში აღმოჩენას ხშირად გარკვეული დაბნეულობაც ახლავს. ამ შემთხვევაში ამ დაბნეულობას, კიდევ ერთი გაურკვევლობაც ემატება, რომელ მეზობელს შეიძლება შუაღამისას მიადგე? და რა გარანტიაა იმისა, რომ ღრმად ჩაძინებული კარზე კაკუნს გაიგონებს, ან სულაც თბილი ლოგინის დატოვება არ დაეზარება. არადა, ამ დროს ყველას კარგად მოეხსენება წამების მნიშვნელობა. „გამოსავალი“?- ვკითხე კოლეგებს. „SMS ან ვიდეო ზარის სერვისი“ – მითხრეს. ვერ გეტყვით ჩემი იმჟამინდელ უიმედო განწყობის ბრალი იყო, თუ გამოცდილებით ვიცოდი, რომ, ყველა ის წამოწყება, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს დამოუკიდებლად ცხოვრების საშუალებას აძლევს, ჩვენში ან მიუღწეველია ან დროში უსაშველოდ გაწელილი, ესეც შორეულ პერსპექტივად მივიჩნიე.

როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა მოძრაობის რიგითმა აქტივისტმა, გადაჭარბების გარეშე მინდა ვთქვა: გაეროს კონვენციის რატიფიცირების შემდეგ, 112-ის მიერ ასეთი სერვისის შექმნით, ამ ადამიანთა უფლებების დასაცავად ერთი დიდი და მძლავრი ნაბიჯი გადავდგით. არადა, ერთი შეხედვით სულ უბრალო რამ გახლავთ: ადამიანებს მივცეთ იმის საშუალება, რომ გადაუდებელი დახმარების საჭიროების შემთხვევაში დამატებით სხვას არ სთხოვონ დახმარება.

2015 წლის 27 მარტიდან სპეციალურად ყრუ და სმენადაქვეითებული მოქალაქეებისთვის SMS და ვიდეო ზარის სერვისი ამოქმედდა. სერვისით სარგებლობა ამ ადამიანებს 24 საათის განმავლობაში უფასოდ შეუძლიათ. ბუნებრივია, ახალი სერვისის შექმნა ახალ საჭიროებებს ითხოვდა: ვიდეო ზარის დროს შეიცვალა კამერის პოზიციონირება, გადამზადდნენ სურდო (ჟესტური ენის მცოდნე) თარჯიმნები, გამოსახულების უფრო მარტივად აღსაქმელად თარჯიმნებმა მიიღეს სპეციალური ინსტრუქციები, ჟესტური ენის ადვილად შესამჩნევად ჩაიცვეს მუქი ფერის ტანსაცმელი. ქართველი და უცხოელი ექსპერტების აზრით, აღნიშნული სერვისი ევროკავშირის სტანდარტებს შეესაბამება. ექსპერტები ასევე ხაზგასმით აღნიშნავდნენ, სერვისის შექმნაში სახალხო დამცველის მიერ არაერთგზის გაცემულ რეკომენდაციების მნიშვნელობასაც. აღნიშნული მომსახურებით სარგებლობისთვის ორი რამ არის საჭირო: წინასწარი რეგისტრაცია და ინტერნეტთან კავშირი. წინასწარი რეგისტრაციისთვის მოქალაქემ უნდა შეავსოს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.112.gov.ge) განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა. მოკლე ტექსტურ შეტყობინებასა და ვიდეო ზარსაც იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც აუდიო სატელეფონო ზარს. აბსოლუტურად იდენტურია იმ 9 სურდო (ჟესტური ენის მცოდნე) ოპერატორის უფლება-მოვალეობები, რომლებიც ამჟამად მოსახლეობის ამ ფენას ემსახურება, განსხვავება მხოლოდ გამოხატვის ფორმაა, ისე როგორც ნებისმიერი ოპერატორის ხმის ტემბრი.

2016 წელს SMS და ვიდეო ზარის სერვისმა, როგორც საუკეთესო ინოვაციურმა პროექტმა „ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის“ მიერ დაწესებული ჯილდოც მიიღო.

თქვენი არ ვიცი მაგრამ, პირადად მე კრიტიკულ სიტუაციაში, მაშინ როცა ჩემი გაუგებარი ლაპარაკის მანერა კიდევ უფრო გაუგებარი ხდება, მოკლე ტექსტური შეტყობინებით უფრო ადვილად ავუხსნიდი ოპერატორს დახმარების საჭიროებას. მერე რა რომ შეიძლება აღელვებისაგან რომელიმე ასო გამომრჩეს, მათი დაკვირვებული თვალი ამას ადვილად შეამჩნევს.

აღნიშნული ბლოგი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (ISWD) მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში და დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის II კომპაქტის მიერ. მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს პოზიციას.