– ერთი, ერთი, ორი გისმენთ!

– გათხოვილი ხარ? – ყოველგვარი მისალმების გარეშე იწყებს ხანშიშესული ქალბატონი.

– იცით, ქალბატონო, მე ამის თქმის უფლება არ მაქვს – ოდნავ მკაცრი ტონით პასუხობს ოპერატორი, მაგრამ საუბრის ინიციატორს არც აკრძალვა ესმის და არც მკაცრი ტონი.

– სახლში თუ რაიმე გამოკვანძული ნახო ან ნემსის წვერით ან მარყუჟის წვერის გამოწევით გახსენი და აუცილებლად გათხოვდები!


– ერთი, ერთი, ორი გისმენთ!


– გოგონა თქვენი დახმარება გვჭირდება!

– გისმენთ!

– ცოტა დავლიეთ და ვერაფრით ვიხსენებთ მუხა რწყილს ვისთან აგზავნის?

– რწყილი და ჭიანჭველადან მეკითხებით ბატონო?- სიცილს ვერ იკავებს მორიგე ოპერატორი.

თითქოს არც არაფერია უჩვეულო იმაში, რომ ადამიანებს კითხვებზე პასუხობ, მაგრამ ეს პასუხები მოითხოვს ყველაზე მთავარს – დროს. დრო კი ამ სამსახურში წამებით იზომება. გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი კოორდინირებულად მუშაობს სამ სამსახურთან: სასწრაფო სამედიცინო, სახანძრო /სამაშველო და საპატრულო პოლიცია. შესაბამისად, თუ, რომელიმე ზარი აღნიშნული სამსახურების დახმარებას არ საჭიროებს ის არამიზნობრივია. მართალია, ზემოთ ჩამოთვლილი ზარების მსგავსი შეტყობინებები დროებით მაინც განმუხტავს ხოლმე ამ სამსახურში არსებულ სტრესულ გარემოსა და აქ მომუშავე ოპერატორების გულიან სიცილსაც იწვევს, მაგრამ ასეთი ზარები იმდენად ბევრია, რომ ისინი რეალურად ამ სამსახურის გამართულ მუშაობას ხელს უშლის. ოპერატორთან ამინდისა, თუ დროის გარკვევა ზოგჯერ აქ ადამიანის სიცოცხლის ფასადაც კი შეიძლება დაჯდეს.

არამიზნობრივი ზარები არ გახლავთ მხოლოდ ჩვენი – ქართული საზოგადოების გამოწვევა. ამ გამოწვევას მთელი ცივილიზებული სამყარო შესაბამისი კამპანიებითა და სხვადასხვა სოციალურ ფენებთან სათანადო კომუნიკაციის დამყარებით ებრძვის. 2018 წლის აგვისტოში, „112“-ის აქციაში – „ერთად შევამციროთ არამიზნობრივი ზარები“, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ჩაერთნენ. მაღალი რანგის დიპლომატები მოსახლეობას განუმარტავდნენ არამიზნობრივი ზარების უარყოფით მხარეებს. ცნობიერების ასამაღლებლად სხვადასხვა კამპანია ტარდება მოზარდებშიც. დაკვირვების შედეგად, სწორედ მათგან მოდის ყველაზე მეტი არამიზნობრივი ზარების ალბათობა. ბლოგის წერის პროცესში ერთი პიარ-აქციის იდეაც თავისთავად გაჩნდა: საგანმანათლებლო დაწესებულებებში, გამოსაჩენ ადგილას განთავსდეს განმარტებები, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია გართობის მიზნით განხორციელებულ თითოეულ არამიზნობრივ ზარს.

მასშტაბებიდან გამომდინარე აღნიშნულმა პრობლემამ საკანონმდებლო ცვლილებებიც მოითხოვა: არამიზნობრივ ზარებზე ადმინისტრაციული ჯარიმები დაწესდა. ჯარიმის ქვედა ზღვარი 300 ლარს შეადგენს. ზედა ზღვარი კი 1000 ლარით განისაზღვრა. მართალია, ჯარიმების შემოღებამ ასეთი ზარები შეამცირა, მაგრამ სასურველი შედეგი ჯერ კიდევ შორსაა. ამისთვის საჭიროა ჩვენი საზოგადოების გაჯანსაღება და სოლიდარობის განცდის კიდევ უფრო მეტად გაღვივება.

მანამდე კი, ვიდრე 112-ს აკრეფთ გაიხსენეთ ის ახლობლები, რომლებსაც დიდი ხანია არ შეხმიანებიხართ. ვინ იცის, თქვენი ერთი ზარი როგორ სჭირდებათ მათ.

აღნიშნული ბლოგი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (ISWD) მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში და დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის II კომპაქტის მიერ. მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს პოზიციას.