იყო დრო, როცა ამა თუ იმ დღეს, ქუჩებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანების სიმრავლეს ბუნებრივი მოვლენებით ვხსნიდით. ხან მაგნიტურ დღეს ბრალდებოდა ჩვენი ცუდად ყო ფნა, ხან რომელიმე ზოდიაქოს ნიშანი გადადიოდა დესტრუქციულ ფაზაში. ეს კი, თავის მხრივ, ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე აისახებოდა.

ახლა კი, ქუჩებში 112-ის წარწერით მწვანე ზოლებიანი მანქანების სიმრავლეს მხოლოდ ბუნებაში მიმდინარე მოვლენებით ვეღარ ავხსნით. პირადად მე, ამ მოვლენის ორ ძირითად მიზეზს დავასახელებდი: ან ფიზიკურად და სულიერად ნამდვილად გაგვიჭირდა ან უფასო სამედიცინო დახმარებით არამიზნობრივმა სარგებლობამ თავისი ქნა. ისიც სავსებით შესაძლებელია, ეს ორი რამ ერთმანეთში ისე გადაიხლართა, რომ რეალური მიზეზების დადგენა გაჭირდეს კიდეც.


ფაქტი ერთია – 112-ში შემოსული ზარების უმეტესობა სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ითხოვს. მათ შორის ხშირია ისეთი ზარები, როცა უბრალოდ სიცხისა და წნევის გაზომვას ითხოვენ. სასწრაფოს ექიმის დახმარებას ითხოვენ მაშინაც, როცა სიცხე და წნევა ნიშნულს ერთი ხაზით სცდება. ხდება ისეც, რომ უბრალოდ სასწრაფოს ექიმების გამოჩენა ფსიქოლოგიურად მოქმედებს ადამიანზე და მათი მოსვლის მერე, სამედიცინო ჩარევის გარეშე, ადამიანი უკეთ ხდება. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ზოგჯერ მარტოხელა მოხუცს, ან რისკის ქვეშ მყოფ ადამიანს მართლაც სჭირდება სასწრაფო დახმარება, მაგრამ ხშირია შემთხვევა, როცა ავადმყოფის დახმარება ოჯახის ექიმს ან ოჯახის წევრსაც კი შეუძლია, მაგრამ თავის არ შეწუხების მიზნით იოლ გამოსავალს ეძებს.

არავინ ფიქრობს იმაზე, რომ ასეთი არამიზნობრივი ზარების სიმრავლე ხშირად განაპირობებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის დაგვიანებით მოსვლას. ბუნებრივია, ეს დაგვიანება ისევ 112-ში მომუშავე პერსონალზეც აისახება: ლოდინით დაღლილი ადამიანები იმ ოპერატორებს სთხოვენ პასუხს, რომლებმაც თავიანთი პროფესიული მოვალეობა წამიერად, ზარის შემოსვლისთანავე შეასრულეს და თქვენი გამოძახება შესაბამის სამსახურს გადასცეს. საჭიროდ არ მიმაჩნია იმის ახსნა, რომ სწორედ ამაში გამოიხატება ოპერატორის დახმარება.

112-ის ამ რგოლისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება რბილად რომ ვთქვათ, არასწორია. ამ მხრივ სიტუაციის გამოსწორება კი, როგორც ყოველთვის საკუთარი თავით დავიწყოთ. თანამოძმეზე ზრუნვა ადამიანობის განმსაზღვრელი ფაქტორია. ვიცი, ძნელია სოლიდარობაზე ფიქრი მაშინ, როცა თავს ცუდად გრძნობთ, მაგრამ რეალობაა ისიც, რომ, როდესაც უბრალო ნაბახუსევზე, და თავის ტკივილზეც სასწრაფოს იძახებთ, სწორედ ამ დროს ვიღაცა სისხლისგან იცლება ან გულის მწვავე შეტევით სიკვდილს ეთამაშება.
როცა ამისკენ მოგიწოდებთ, რა თქმა უნდა ვთანხმდებით იმაზეც, რომ ამ პრობლემის მოგვარებაში უფრო მაღალი ეშელონების პასუხისმგებლობაც იკვეთება. უნდა გაიზარდოს პირველად ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა, უნდა ამაღლდეს პრევენციის მიზნით სამედიცინო გამოკლევების ჩატარების კულტურა და ა.შ. ეს ყველაფერი დროსა და თანამიმდევრულ ნაბიჯებს მოითხოვს. თითო ნაბიჯი კი ჩვენ, ყველამ ერთად და ცალ-ცალკე უნდა გადავდგათ.

ამასობაში ახალი წელიც გვიახლოვდება. შესაბამისად, მატულობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების რისკებიც. ამჯერად მხოლოდ ერთ რამეზე შევთანხმდეთ – ნაბახუსევს საკუთარი ძალებით, ტრადიციულად, ,,ბორჯომით“ ან ლხინის გაგრძელებით ვუმკურნალოთ.

ერთი, ერთი, ორი გისმენთ!

და გილოცავთ ახალ წელს!

აღნიშნული ბლოგი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (ISWD) მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში და დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის II კომპაქტის მიერ. მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს პოზიციას.