სამსახურიდან გამოსულმა ფეხით გასეირნება გადაწყვიტა. დანიშნულების ადგილზე მისასვლელად ამჯერად სიხალვათე არჩია და იმ გზას გაუყვა, საითაც ნაკლები ხალხი ეგულებოდა. არც შემცდარა. ფიქრებში გართულმა ახალგაზრდა, სიმპათიურ ვაჟს მოჰკრა თვალი. უკეთეს შემხვედრს ვერც კი ინატრებდა, უცებ მამაკაცმა რატომღაც წაიბორძიკა და მუხლებზე დაეცა. ერთი კი იფიქრა, ალბათ, ფეხი რამეს წამოკრა და მალევე წამოდგებაო, მაგრამ ახლოს მისულმა აღმოაჩინა, რომ კაცს გონება დაეკარგა. დიდი მიხვედრა არ უნდოდა იმას, რომ ახლა ამ ადამიანს დახმარება სჭირდებოდა. შეძლებისდაგვარად აჩქარდა. ჩანთაში ტელეფონი მოიძია. ის იყო გადუდებელი დახმარების ცენტრში დარეკვას აპირებდა, რომ მობილურში, შემთხვევით რამდენიმე დღის წინ ჩამოტვირთულ ახალ მობილურ აპლიკაციას მოჰკრა თვალი. გონებაში თავისით დალაგდა ამ აპლიკაციის უპირატესობებიც: გაახსენდა რომ დარღვეული მეტყველების გამო, ოპერატორთან საუბრისას დრო აღარ დაეკარგებოდა და აპლიკაცია თავად დააფიქსირებდა მათ ადგილმდებარეობასაც. მერე რა რომ სიჩქარეში შეიძლება ასოებიც შეშლოდა. გამოცდილი ოპერატორები ადვილად მიუხვდებოდნენ სათქმელს. ჩატის საშუალებით ოპერატორს ყველა საჭირო ინფორმაცია მიაწოდა და ისევ მამაკაცს მიუბრუნდა. სასწრაფო დახმარების მანქანამ გონდაკარგული ახალგაზრდა საავადმყოფოში დროულად გადაიყვანა. სახლისაკენ გზას კვლავაც ფეხით გაუყვა.
112-მა მოქალაქეებს ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მობილური აპლიკაცია გასული წლის თებერვალში შესთავაზა. აღნიშნული აპლიკაცია არ ანაცვლებს არცერთ უკვე არსებულ არხს. ესაა 112-თან დასაკავშირებელი კიდევ ერთი დამატებითი საშუალება, რომელიც მოქალაქესა და ოპერატორს ერთმანეთთან უმოკლეს დროში აკავშირებს. აპლიკაციას სამი ძირითადი ფუნქცია აქვს: ოპერატორთან მიმოწერა (ჩატი) და ჩუმი გამოძახება (SOS) და ზარის განხორციელება. მიუხედავად ამისა, აპლიკაციის შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მაინც ადგილმდებარეობის განსაზღვრა იყო, რაც თავისთავად, დროის მოგებას გულისხმობდა.
ვიქნები სუბიექტური და გეტყვით, რომ ამ ახალ აპლიკაციაში მაინც ყველაზე მეტად ჩატის ფუნქცია მომწონს: ერთი, იმიტომ რომ, როგორც ფილოლოგს, დაწერილ სიტყვასთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. მეორეც, ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ მსხვერპლი მოძალადის შიშით ხშირად ხმამაღლა ვერ მიმართავს შესაბამის სამსახურს, რაც, თავის მხრივ, ხშირად დანაშაულის მიჩქმალვასაც უწყობს ხელს. ამ ფუნქციის მესამე უპირატესობა გახლავთ ის, რომ იგი აადვილებს მეტყველება დარღვეულ ადამიანსა და ოპერატორს შორის კავშირის დამყარებას.
აპლიკაციის კიდევ ერთი ოპერატიული ფუნქცია გახლავთ SOS ღილაკი, რომლითაც ყოველგვარი განმარტების გარეშე, რამდენიმე წუთში თქვენთან პოლიციის ეკიპაჟი ჩნდება.
112-ის ეს ახალი აპლიკაცია Android და IOS ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე ტელეფონებისთვისაა განკუთვნილი. მისი გამოყენებისათვის კი საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.
აპლიკაციით სარგებლობისთვის საჭიროა ინტერნეტი და GPS სერვისი. ინტერნეტის არ ქონის შემთხვევაში თქვენი გამოძახება 112-ში SMS-ის სახით გაიგზავნება . ისევე, როგორც 112-ის ყველა სერვისი, ეს სერვისიც უფასოა. აპლიკაცია ხელმისაწვდომია ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.
სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა უსინათლო ადამიანებისთვის ამ ახალი აპლიკაციის ადაპტირება. ცნობისათვის, ასეთი გზით გადაუდებელი დახმარების ცენტრთან დაკავშირება მსოფლიოს მხოლოდ 13 ქვეყანაშია შესაძლებელი.
საღამოს, ძილის წინ ჩვეულებისამებრ სოციალურ ქსელს ათვალიერებდა. მეგობრის მეგობარი უცნობ გოგონას დახმარებისთვის მადლობას უხდიდა
21 იანვარი 2019წწ
– აბა, დღეს რა წავიკითხოთ? – ჰკითხა ვახშმის მერე დედამ ტასოს.
– აი ეს – უპასუხა გოგონამ დედას და ჩანთიდან ლურჯყდიანი წიგნი ამოიღო.
– პალაციო. „საოცრება“ – ეს რამე ახალია ტასიკო? მეც არ წამიკითხავს.
– კი დედიკო სულ ახალია, ნინიმ მათხოვა, თან მითხრა, კითხვა რომ დავამთავრე, მთელი ღამე სიზმარში ავგუსტს ვხედავდიო. ისე მომეწონა. ისე ისე… – აგრძელებდა პატარა და ცდილობდა მეგობრის ემოცია როგორმე დედამდე მიეტანა.
– აბა ვნახოთ ჩვენც, თუ ეგრე ძალიან მოგვეწონება. – ღიმილით უთხრა დედამ და საკითხავად მოემზადა.
– იცი დედიკო გამართულ კითხვას რომ ვისწავლი რამდენ წიგნს წავიკითხავ? – ვნახოთ.
– „ავგუსტუსი მზეა. მე, დედა და მამა პლანეტები ვართ და მის გარშემო ვბრუნავთ. ნათესავები და მეგობრები ასტეროიდები და კომეტები არიან და მზის გარშემო მბრუნავი პლანეტების ირგვლივ ტრიალებენ, ერთ-ერთი ციური სხეული“- თანდათან დედა ტექსტს დაბალი ხმით კითხულობდა.
– „რომელიც მზე ავგუსტუსის გარშემო არ ბრუნავს ჩვენი ძაღლი დეიზია ისიც იმიტომ. რომ მისი პატარა“, – დედიკო გეხვეწები ცოტა ხმამაღლა რა – სთხოვა ტასიკომ.
– „ძაღლური თვალებით დანახული ავგუსტუსის სახე დიდად არ განსხვავდება” – ქალი მიხვდა, რომ ასოებს ვეღარ არჩევდა -„სხვა ადამიანების სახეებისგან“…..
– გავაგრძელოთ რა დე – მავედრებელი თვალებით ახედა გოგონამ დედას…
დედას თვალები დაეხუჭა და ვეღარ ლაპარაკობდა….
ტასო დაიბნა, მაგრამ მალევე მიხვდა რომ ვინმესთან უნდა დაერეკა. კარის მეზობელი ჯერ გადმოსული არ იყო. მამა მუშაობდა და ტელეფონიც გამორთული ექნებოდა.
– ერთი, ერთი, ორი გისმენთ!
– ჩემი დედიკო ძალიან ცუდათააა – ტირილით ეუბნებოდა გოგონა ოპერატორს.
– სად ცხოვრობ პატარავ?
– ნუცუბიძე, მაგრამ მისამართი არ ვიცი, ახალი სახლია
– იმ სკოლის ნომერი თუ იცი რომელშიც სწავლობ?
– ვიცი. ჯერ ისევ ძველ სკოლაში დავდივარრრ..
ტასომ ოპერატორს სკოლის ნომერი უთხრა.
– მომიყევი სკოლაში რა ხდება? – მორიგე ოპერატორი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე ბავშვის საუბრით გართობას ცდილობდა.
რამდენიმე წუთში, დედიკო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გამოკვლევებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანა.
2018 წელს, გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-სა და „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას“ (EMIS) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი „112“-ის თანამშრომლებს სწრაფი რეაგირების საშუალებას აძლევს მაშინაც კი, როდესაც დაზარალებული ბავშვი ზუსტად ვერ ამბობს საკუთარ მისამართს, ამ დროს ოპერატორს იმის ფუფუნება არ აქვს, რომ რაღაცა მინიშნებებით დაადგინოს მისი ადგილსამყოფელი.
ამ დროს წამები გადამწყვეტია. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად „112“-ის ოპერატორს საშუალება ეძლევა სკოლების მართვის საინფორმაციო სისტემა eSchool-ის დახმარებით უსწრაფესად დაადგინოს ბავშვის საცხოვრებელი მისამართი და მშობლების საკონტაქტო მონაცემები. ყველაფერი ეს შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუკი ბავშვი სწორად ამბობს საკუთარ სახელსა და გვარს, და იმ სკოლის ნომერს, რომელშიც აღნიშნულ მომენტში სწავლობს. ორ უწყებას შორის ინფორმაციის მიმოცვლა დახურული ქსელის მეშვეობით ხდება და კონფინდეციალობის დარღვევის რისკიც მინიმუმამდეა დაყვანილი.
ამ მეთოდს „112“-ის ოპერატორები მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმართავენ, თუკი დაზარალებული პატარა საკუთარ ადგილსამყოფელს ვერ ასახელებს, მას კი მყისიერი დახმარება სჭირდება.
მეორე დღეს მამასთან ერთად საავადმყოფოში მისულ ტასიკოს დედამ ღიმილით უთხრა, რომ სულ მალე მას პატარა დაიკო ან ძამიკო ეყოლებოდა და მიტოვებული წიგნის კითხვას დღეს საღამოსვე გააგრძელებდნენ.