გმირები სკოლაში დადიან
სკოლიდან დაბრუნებულმა მათემ სწრაფად ისადილა. დღეს ხუთშაბათი იყო და ჭადრაკზე უნდა წასულიყო. ეს თამაში ბაბუამ შეაყვარა და პირველი სვლებიც მან ასწავლა. ნიკო მასწავლებელმა კი დიდ ჭადრაკს აზიარა. დღეს საპასუხისმგებლო დღე ჰქონდა – თავისზე უფროს მეგობართან უნდა ეთამაშა. მათ შორის გამარჯვებული ოლიმპიადაში მიიღებდა მონაწილეობას.
კოსტავას ქუჩას ფეხით დაუყვა. შემთხვევით შორიდან პატარა ჩიხში თვალი მოჰკრა, რაღაც რუხ მასას. ჯერ იფიქრა ვიღაცას რაღაცა ნივთი გამოუტანია სახლიდან გადასაგდებად, მაგრამ ახლოს რომ მივიდა საშინელ სურათს წააწყდა. მოხუცი ქალი წაქცეულიყო, თავი ქვისთვის დაერტყა და გონება დაეკარგა. გაიკვირვა, აქამდე როგორ ვერავინ შენიშნაო, მაგრამ ახლა ამაზე ფიქრის დრო არ იყო. სასწრაფო ზომები უნდა მიეღო.
საბედნიეროდ, ერთი კვირის წინ, სწორედ ასეთ ექსტრემალურ სიტუაციებში მოქცევის შესახებ ტრენინგი ჩაუტარეს. ეს ხალხი „112“-ის წარმომადგენლები იყვნენ..
– ერთი, ერთი, ორი გისმენთ! – მალევე უპასუხა ოპერატორმა.
– ბოდიში ქალბატონო, ქუჩაში ბებია წაიქცა და თქვენი დახმარება . . .
– იქნებ, გვითხრათ სად მოვიდეთ პატარავ. . .
– კოსტავასა და პეროვსკაიას გადასახვევია მგონი 7-ანი აწერია. კი, კი, 7-ია. . .
– ბებიას სახელსა და გვარს ალბათ ვერ მეტყვით
– ვერა, არ ვიცნობ.
– მაშინ თქვენი?
– მე მათე ვარ…
ხუთ წუთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბებია საავადმყოფოში გადაიყვანა. მათემ მობილურზე საათს დახედა. ჭადრაკის გაკვეთილი უკვე დამთავრდებოდა. გული დაწყდა, მაგრამ ადამიანის გადარჩენა უფრო მნიშვნელოვან საქმედ მიიჩნია და თავიც ინუგეშა.
მეორე დღეს სკოლის დირექტორმა კლასის თანდასწრებით გამოუცხადა, მათეს მადლობა და აცნობა რომ მას „112-ის გმირის“ წოდება მიენიჭებოდა.
„112“-ში კარგად იციან, რომ მომავალი, დღევანდელი პატარების პასუხისმგებლობაზე გადის. სწორედ ამიტომ, მათი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ბავშვების ინფორმირებულობა და მათი წახალისებაა. სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ თავად ესტუმრონ 112-ს და საკუთარი თვალით ნახონ როგორ ეხმარებიან ოპერატორები ადამიანებს. „112“-ის წარმომადგენლები პატარებს ასწავლიან, როგორ მოიქცნენ იმ შემთხვევაში, თუკი ოჯახის წევრს ან სრულიად უცნობს მათი დახმარება დასჭირდებათ.
უკანასკნელ, 2018 წელს თბილისისა და რუსთავის ცენტრებს საჯარო და კერძო სკოლების 2000-მდე მოსწავლე ესტუმრა. გადაუდებელი დახმარების შესახებ ინფორმაცია მიეწოდა აგრეთვე სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ 130-მდე თანამშრომელსაც. რეგიონებში კი, სადაც „112“-ს ოფისი არ აქვს, თბილისიდან ჩასული სტუმრები ადგილზე აცნობენ მათ საჭირო ინფორმაციას. გასულ წელს „112“-ელი სტუმრები ყავდათ შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებს. გორში, თელავში, ხაშურში, საგარეჯოში, სიღნაღში და ყვარელში 400-მდე მოსწავლემ თითქმის უკვე იცის როგორ უნდა მოიქცეს გადაუდებელი დახმარების საჭიროების შემთხვევაში.