ჩვენი და უფროსი თაობის წარმომადგენლებს კარგად ახსოვთ ის სამი ნომერი, რომელზეც სახანძრო, პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოსაძახებლად ვრეკავდით. კარგად გვახსოვს იმიტომ, რომ ეს სამი ნომერი გამოკრული იყო ყველგან: სადარბაზოებში, ქუჩაში, ტრანსპორტსა და ყველანაირი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. სწორედ, 01, 02 და 03 -ით ვსარგებლობდით ათეული წლების განმავლობაში. ცხადია, თანამედროვე ციფრულ სამყაროში ეს მოძველებული სისტემა ვეღარ პასუხობდა მოთხოვნებს. საჭირო გახდა ისეთი გადაუდებელი დახმარების ცენტრის შექმნა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაყრდნობით გააუმჯობესებდა დახმარების სისწრაფესა და ხარისხს. ახალ სისტემას კიდევ ერთი უპირატესობა ექნებოდა: არსებული სამი სამსახურის ერთ სისტემად გაერთიანება შეტყობინებების ერთიანი ბაზის შექმნასა და კოორდინირებული მუშაობის საშუალებას იძლეოდა. ჩემი აზრით, კიდევ ერთი უპირატესობაც მოიაზრება : ტიპიურ შემთხვევათა ერთად თავმოყრა პრევენციის გზებსაც კარგად გამოკვეთს.
საქართველოში ევროპული ყაიდის ერთიანი ნომერი „112“ 2012 წელს შეიქმნა და მიზანიც პარტნიორების მსგავსი აქვს: დაიცვას ადამიანის სიცოცხლე, დაიცვას კერძო და საზოგადოებრივი საკუთრება. ამ საქმეში კი ყველაზე ეფექტური საშუალება დროული რეაგირებაა. ამიტომ, აქ მომუშავე ადამიანებისთვის დრო მხოლოდ წამებში იზომება: წამები წყვეტს საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, შესაბამისი უწყებებისათვის მათ მიწოდებასა და დროულ დახმარებას. მათი მუშაობის ყველაზე დიდი ხელისშემშლელი პირობა სწორედ ამ წამების დაუფასებლობა ან უბრალოდ, არცოდნით გამოწვეული არამიზნობრივი ზარებია. ამიტომ „112“-ში მუდმივად ზრუნავენ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზე.
საზოგადოების ცალკეულ სეგმენტს ცენტრის მუშაობის შესახებ ინფორმაცია მათთვის მოსახერხებელი და გასაგები გზებით მიეწოდება. მაგალითად ბავშვებს – თამაშებით, ყრუ და სმენადაქვეითებულ ადამიანებს ჟესტური ენით და სხვა.
11 თებერვალი 112-ის დღეა. ამ თარიღს ევროპის 80 -ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს. ცოდვა გამხელილი სჯობს და, მეც, როგორც უმრავლესობას, ეს თარიღი ცენტრის დაარსების დღე მეგონა. სინამდვილეში კი ეს თარიღი სწორედ 112-ის შემადგენელი ციფრების მანიპულირებით შეირჩა: 11.02.0000. აღნიშნულ დღეს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საზოგადოებასთან კომუნიკაციას.
ეს თარიღი ყოველ წელს, თავისთავად ალაგებს ცნობადობის გაზრდისთვის ჩასატარებელ ღონისძიებებსაც. მთელი წლის მუშაობის განმავლობაში, იკვეთება ის ადგილები, სადაც „112“-ის ცნობადობის გაზრდა სასურველ შედეგთან თუნდაც ერთი ნაბიჯით მიგვაახლოებს, ასეა წელსაც. ამ დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ზოგი ღონისძიება ბლოგის დაწერამდე ჩატარდა, ზოგისთვის მზადება კი აქტიურ ფაზაშია. „112“-ის ოპერატორები ინტერაქტიული გაკვეთილების ჩასატარებლად რამდენიმე სკოლას თავად ეწვივნენ და ბავშვებს დეტალურად აუხსნეს როგორ უნდა მოიქცნენ საგანგებო სიტუაციებში. უნივესიტეტებში კი საჯარო ლექციების ფორმა შეირჩა. ლექციები ჩატარდა თბილისისა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტებში.