ზოგჯერ ადამიანები ისეთ სიტუაციაში ვვარდებით, როცა თითოეულ წამთან ერთად, თითოეული სიტყვაც გადამწყვეტია.
112-ის ოპერატორი, სალომე რეხვიაშვილი, რომელიც სწორედ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა მოგვითხრობს:
2015 წლიდან, ვმუშაობ ამ პროფესიით, ბევრი რთული შემთხვევა მქონია, მაგრამ ჩემი უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე ალტერნატივა მომიძებნია. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა მინდა გავიხსენო, ახალგაზრდა გოგონამ მოგვმართა, მღელვარებას არ იმჩნევდა:
– 112 გისმენთ!
– ხომ გთხოვე „სმარტთან“ მოდი-მეთქი?!
– უკაცრავად, სწორად რეკავთ? დახმარება გჭირდებათ?
– დიახ!
– კარგით, შეგიძლიათ მითხრათ სად იმყოფებით?
– რა გჭირს, გორის „სმარტთან“ დონატებისთვის შევდივართ
– თქვენი სახელი მითხარით..
– მე და ლელა ვართ, ჩემი მეგობარი. – ვერ გადმოსცემდა სიტუაციიდან გამომდინარე
– გასაგებია.. საპატრულო დამხარება გნებავთ?
– კი
– სასწრაფოც ხომ არ გამოვგზავნო? – დავაზუსტე ყოველი შემთხვევისთვის.
– არა, გელოდებით!
მივიღე შესაბამისი ზომები, გავგზავნე ეკიპაჟი და იმის მიუხედავად, რომ სრული ინფორმაცია არ გვქონდა, თუ რომელი ავტომობილით გადაადგილდებოდა ზემოთ აღნიშნული პიროვნება, მაინც მოვახდინეთ ადეკვატური რეაგირება.
გოგონასთან, სამართალდამცველებმა, ადგილზევე გაისაუბრეს – მან თქვა:
ერთმანეთს სულ ახლახანს შევხვდით, მანამდე ვირტუალურად ვკონტაქტობდით. შეხვედრისას შევნიშნე საეჭვოდ იქცეოდა, თავის მეგობარს დაურეკა და უთხრა სახლი ხომ მზად გაქვსო, მაშინვე მივხვდი ჩემი გატაცება უნდოდა – მეც ვითომ თანახმა ვიყავი და ამ დროს დავრეკე 112-ში.

რთულია – მსგავს სიტუაციაში იმოქმედო ისე, რომ არ დაზარალდე.
რთულია – მოიკრიბო გამბედაობა და გარისკო.
რთულია – დასვა ლოგიკური შეკითხვები ისე, რომ მიიღო სასურველი ინფორმაცია.
რთულია – გაარჩიო არამიზნობრივი და მიზნობრივი ზარი ერთმანეთისგან, როდესაც ზარების უმეტესობა არამიზნობრივი (50%-ზე მეტი) ხასიათისაა.