-დედა, ვიმეცადინე უკვე და ეზოში გამიშვებ? – ნიკამ იმედიანად მიირბინა დედასთან.
-მოიცადე დე, ვნახავ როგორი ამინდია. – სამზარეულოს ფარდა გადაწია დედამ და წვიმიან ამინდს მიაჩერდა. – წვიმს.
-აუ გთხოვ, ცოტა ხნით ჩავალ და ამოვალ. – მაშინვე აემღვრა თვალები ნიკას, მაგრამ ბოლო იმედს არ კარგავდა.
-აჯობებს შენს ოთახში შეხვიდე და იქ ითამაშო. – მზრუნველი ტონი დაურთო დედამ.
პატარა ბიჭი მიხვდა, რომ აზრი არ ჰქონდა დიალოგის გაგრძელებას, შევიდა თავის ოთახში და მანქანების ყუთი მოძებნა. დაღონებული თამაშობდა, წითელი „მერსედესი“ გამოსწია უკან და ბიძგით წინ გაუშვა, ადგილიდან დაძრული სათამაშო სავარძლისკენ გაგორდა და მის ქვეშ მოექცა. სავარძელი ნაჭრის, ფოჩებიანი ქვედა ბოლოებით, გაწყობილი საკმაოდ მოზრდილი ზომის გახლდათ. სავარძლის გასწვრივ ფანჯრის გვერდით ნიკას კარადა იდგა, მწვანე ფერის ორნამენტებით.
ნიკამ შეიხედა სავაძლის ქვეშ და ვერაფერი დაინახა, იფიქრა ასანთს მოვიტან გავანათებ, იქნებ უკეთ გამოჩნდესო და ასანთის მოსატანად გაიქცა. ჩაიმუხლა, ასანთი მოიმარჯვა და ის იყო უნდა აენთო, რომ პირველი ღერი გატყდა, მაგრამ ერთი მეორემ მალევე შეცვალა. სათამაშოს დაბრუნების ინტერესმა და სურვილმა შეცდომა დააშვებინა.
ცეცხლი ჩამოკიდებულ ფოჩებს მოედო და მალევე გავრცელდა. წამოხტა შეშინებული ბიჭი, სული შეუბერა, მაგრამ ეს უარესი აღმოჩნდა. ჰაერი ხელს უწყობს ცეცხლს გაღვივებაში.
ერთადერთი, რაც ნიკამ მოიფიქრა, კარადაში დამალვა იყო.
დედამ, რომელიც ჭურჭელს რეცხავდა, ოთახიდან კვამლი შენიშნა. სირბილით შევარდა ოთახში და რას ხედავს – ნახევარი ოთახი ცეცხლშია გახვეული.
ნიკა!!! – იყვირა მთელი ხმით და ძებნა დაუწყო შვილს, თან ფანჯარა გამოაღო კვამლის გასასვლელად – დაავიწყდა, რომ შეცდომა იქნებოდა ფანჯრის გამოღება.
მეზობელი აივანზე იყო გამოსული, როცა შემთხვევა შენიშნა და მაშინვე 112-ზე დარეკა – ეს იმ მომენტში მოხდა, როცა დედამ პატარა ნიკა კარადაში შეშინებული, მოკუნტული და გაოგნებული იპოვა…კვამლს მთელი ფილტვები აევსო.
გაუაზრებელ ქმედებებს შესაძლოა ფატალური შედეგი მოჰყოლოდა, მაგრამ შესაბამისი სამსახური ადგილზე მალევე მივიდა, მე-4 სართულზე ცეცხლი სრულად ჩააქრო და ნიკა დედასთან ერთად დროულად გადაარჩინა.