სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (IჩDO) დელეგაცია საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს ეწვია. დელეგაციის წევრები ცენტრის დირექტორ გიორგი ბიჭაშვილს შეხვდნენ. სტუმრებმა „112″-ის ქოლ ცენტრი დაათვალიერეს და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. დელეგაციის წევრებს „112″-ის პრეზენტაციაზე ცენტრის წარმომადგენლებმა სამომავლო გეგმები გააცნეს და მათგან რჩევები მიიღეს.
მანამდე, დელეგაციის წევრები საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდნენ და სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს ბაზაზე საჩვენებელ ღონისძიებას დაესწრნენ. სტუმრებმა მაშველების პროფესიული მომზადების დონე დადებითად შეაფასეს და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.
IჩDO-ს დელეგაცია ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ნავაფ ალ სლეიბის ხელმძღვანელობით საქართველოში სამ დღიანი ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია დელეგაციის ვიზიტი შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის მომსახურების სააგენტოში. ასევე, ნავაფ ალ სლეიბის შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. შეხვედრისას მხარეები ურთიერთთანამშრომლობისა და საქართველოში სამოქალაქო თავდაცვის სისტემის განვითარების საკითხებზე იმსჯელებენ.
სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაციის მიზანია, სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად, სამოქალაქო თავდაცვის ქვედანაყოფების შექმნისა და აღჭურვის ხელშეწყობა, ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარება და კატასტროფებით დაზარალებული ადამიანებისათვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების უზრუნველყოფა. საქართველო IჩDO-ს წევრი 1995 წელს გახდა.